კირკიტაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს არჩევს იმის მიხედვით, ვის აქვს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების მეტი შანსი

აგილ მუსტაფაევი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არჩევნებზე ერთხელ უკვე ვერ აჩვენა შედეგი, ალბათ, არის განაწყენებული და გვერდზე გაიწია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, აგილ მუსტაფაევის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზაციის წევრები არ მიიღებენ მონაწილეობას 2 ოქტომბრის არჩევნებში.

კირკიტაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს არჩევს იმის მიხედვით, ვის აქვს სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების მეტი შანსი.

„ჩვენ ვაფასებთ აბსოლუტურად ყველა თანამებრძოლის ბრძოლას, თუმცა ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს მასშტაბური ბრძოლა მოძალადე ხელისუფლებასთან და ბუნებრივია, ჩვენი კანდიდატები შერჩეული იქნებიან იქედან გამომდინარე, თუ რა შედეგის ჩვენება შეუძლიათ ამ არჩევნებში. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები და არ მხოლოდ მარნეულში, რომლებიც ვერ იქნებიან ჩვენი კანდიდატები მერობაზე თუ საკრებულოს თავმჯდომარეობაზე და ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ არა იქედან, ვინ როდის რას აკეთებდა, არამედ იმის მიხედვით, დღეს ვის აქვს შესაძლებლობა, შესაბამისი უნარები, რომ დაამარცხოს მოძალადე ხელისუფლების კანდიდატები, რომლებიც მათ წარმოადგინეს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში.

დღევანდელ შემთხვევას რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აგილ მუსტაფაევი, ვინც ეს განცხადება გააკეთა, ჩვენი სახელით ერთხელ იყრიდა კენჭს და ჰქონდა ძალიან ცუდი შედეგი. თავადაც კარგად იცის, რომ ის ამ არჩევნებზე არც განიხილებოდა გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატობის პოზიციაზე. ალბათ, იმის გამო აგილ მუსტაფაევმა ობიექტური მიზეზების გამო ვერ აჩვენა შესაბამისი შედეგი, არის განაწყენებული და გააკეთა ეს განცხადება, რომ გვერდზე გაიწია. ის აცხადებს, რომ მას პარტია არ დაუტოვებია, ესეც არ არის სწორი საქციელი, მაგრამ მას ამის უფლება ჰქონდა. გარწმუნებთ ერთ რამეს ჩვენი გადაწყვეტილებები, ვინ უნდა იყოს მერობის კანდიდატი ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში, იქნება მიღებული იქედან, დღეს ვის აქვს შანსი მოძალადე ხელისუფლებას გაუწიოს ღირსეული კონკურენცია. რიგ მუნიციპალიტეტებში მივაღწევთ აბსოლუტურ შეთანხმებას, ან სულაც არ იყოს „გაერთიანებული ოპოზიცია – ნაციონალური მოძრაობიდან“ კანდიდატი და დავუთმოთ სხვა ოპოზიციურ პარტიას, მათ კანდიდატებს, რომელსაც უფრო მეტი შანსი აქვს. ამას, ვინც ვერ გაიგებს, ვინც ვერ აუღებს ალღოს, ბუნებრივია, ალბათ მოგვიწევს დაშორება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

banner
წინა სტატიაშიილია ელოშვილი: „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე გავიდნენ ხაზებზე
შემდეგი სტატიააგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე” 2008 წლის მძიმე დღეებს იხსენებს