„დღეს რაზეც არ უნდა ისაუბროს ეროვნული ბანკის მოქმედმა ხელმძღვანელმა პარლამენტში, გარეთ რეალობას ვგრძნობთ თითოეული ჩვენგანი. ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელია ხალხის გაღარიბებაზე. ამ ქვეყანაში მხოლოდ საბანკო სექტორი მდიდრდება, ხალხი კი ღარიბდება. ეს ყველაფერი კი გააკეთა ქვეყნის მთავარმა ბანკირმა – ივანიშვილმა,” – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დავით კირკიტაძემ გააკეთა.
კირკიტაძის თქმით, ქვეყანაში პროდუქტები, თითქმის, ყოველდღიურად ძვირდება, თუმცა ინფლაციის მოგვარება ეროვნული ბანკის ინტერესში არ შედის.
დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოდის პარლამენტში ინტერპელაციის წესით, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეროვნული ბანკი ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენს ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იმის გამო, რომ მას ყოველდღიურად უძვირდება პროდუქტი. ინფლაციაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს ამას საკუთარ თავზე თუ როგორ არ ადარდებს ეროვნულ ბანკს, მოქმედ ხელმძღვანელობას, რომ ფასები იზრდება ყოველდღიურად, ის რომ მხოლოდ და მხოლოდ საბანკო სექტორი მდიდრდება ამ ქვეყანაში და ხალხი ღარიბდება.
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გასული წლის მანძილზე ორი მილიარდ 700 მილიონის მოგება აჩვენა საბანკო სექტორმა საქართველოში, ეს არის განუზომლად დიდი რიცხვი, მსგავსი რამ არ ხდება არცერთ ევროპულ ქვეყანაში. საქართველოში არცერთ ბიზნეს სექტორს, არცერთ სხვა სტრუქტურას არ ქონია ამხელა მოგება. ეროვნულმა ბანკმა, ივანიშვილის პარტიასთან ერთად შექმნა ქვეყანაში მდგომარეობა, სადაც მთლიანად ქვეყანა აღმოჩნდა ბანკების ხელში. მთელი ჩვენი ქონება, საქართველოს მოქალაქის ქონება, ქვეყნის ქონების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ორი დიდი ბანკის ქვეშ და ეს ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის მთავარმა ბანკირმა, ივანიშვილმა. დღეს რაზეც არ უნდა ისაუბროს ეროვნული ბანკის მოქმედმა ხელმძღვანელმა, გარეთ რეალობას ვგრძნობთ თითოეული ჩვენგანი, ეს იქნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამსახურო, მაგრამ ყოველდღიურად უწევთ პროდუქტებზე გასვლა მაღაზიაში, თუ იქნება ადამიანი, რომელიც დასაქმებულია, იღებს მცირე ხელფასს და ამ ხელფასის დიდი ნაწილი მიდის ბანკებში პროცენტების დასაფარად,“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.