უკრაინა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის პირდაპირი მონაწილეა, რეალური პროგრესი გვაქვს, თუმცა მშვიდობაზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართული პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.
„ჩვენ წინ მივდივართ. ვერ ვიტყვი, რომ ხვალ აუცილებლად გვექნება მშვიდობა. ვინმე თუ ამას გვპირდება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ ჩვენ უზარმაზარ ძალისხმევას ვდებთ ამის მისაღწევად“, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, როგორც უკრაინული მხარე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები ომის დასრულების გზების მოსაძებნად მუშაობენ და პროგრესს მიაღწიეს.
ამასთან, უკრაინის რეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება რუსეთის პოზიციაზე.
„თქვენ გესმით, ვისთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და ამიტომ არასწორია იმის თქმა, რომ „უკრაინას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
„ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. მადლობა ღმერთს, ეს პროცესი ჩვენ გარეშე არ მიმდინარეობს“, – განაცხადა ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიები და აღდგენის მკაფიო გეგმა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, „შიდა დაპირისპირება ამას არ დაეხმარება“.
















