პარლამენტის სხდომაზე, სადაც ირაკლი კობახიძე “ოცნებამ” ინტერპელაციის წესით დაიბარა, სიტყვით გამოვიდა გახარიას გუნდის წევრი, გიორგი შარაშიძე, რომელმაც არაბული ქალაქების პროექტი გააკრიტიკა და კითხვები ჩამოთვალა, რომლებსაც, მისი თქმით, “ოცნების” პრემიერმა პასუხები არ გასცა.
შარაშიძემ “ქართულ ოცნებას” ასევე შეახსენა, რომ სწორედ მათი მმართელობის პირობებში საქართველოში სოცდაუცველების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა.
თქვენ არ საუბრობთ კაპიტალში შეტანილი ქართული მიწის ღირებულებაზე. არ ამბობთ იმას, საერთოდ შეაფასა თუ არა ვინმემ ეს მიწა, ქართულმა ავტორიტეტულმა, გნებავთ, მითუფრო საერთაშორისო ავტორიტეტულმა აუდიტოიულმა კომპანიამ. თქვენ ვარაუდებზე საუბრობთ, როდესაც ამბობთ, რომ დაახლოებით, შეიძლება 10 წელიწადში დასრულდეს და მივიღოთ აქედან გარკვეული მოგება და ციფრებიც დაასახელეთ. ჩემთვის ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლება, მოგება აქციონერებს შორის, ამ შემთხვევაში “იგლზ ჰილსის” და საქართველოს მხარეს შორის, განაწილდეს პროექტის დასრულებამდე. გნებავთ ბუღალტრულად და გნებავთ, რეალურად. 2026 წელს უკვე მივიღებთ მოგებას? ეს ლგიტიმური კითხვებია. მე გეტყვით, ვერ მივიღებთ ფიზიკურად. არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია. პრობლემა სულ სხვა რამეა, რაზეც თქვენ არ გისაუბრიათ. პრობლემა არის ის, რომ თქვენი მმართველობის პირობებში ისტორიულად მაღალი სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, რომელიც 700 ათასს აჭარბებს. თქვენი მმართელობის პირობებში, საქართველოში, სამწუხაროდ, უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება და გვაქვს უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსი, – თქვა შარაშიძემ.
შარაშიძის გამოსვლას “ოცნების” დეპუტატის, ირაკლი კირცხალიას გაღიზიანება მოჰყვა. მან ოპონენტს ქცევის წესები დაუწუნა და უთხრა, რომ კულტურას ასწავლიან.
როდესაც თქვენ, მეგობრეო, შემოხვედით აქ პირველად, ჩვენ გითხარით შემდეგი რამ: რომ ყოველდღე მოგიწევთ თავის მართლება, რომ არ ხართ ნაცები. მოგიწევთ ასევე, გაეცნოთ კულტურის, ქცევის წესებს. პირველში, მაგ თავის მართლებაშ ჩვენ ვერ დაგეხმარებით, მაგრამ აი, ამ კულტურაში, რომ შეიგრძნოთ რეალურად სად ხართ და როგორ უნდა ილაპარაკოთ, ამაში ნამდვილად დაგეხმარებით, ამის პირობას გაძლევთ, – თქვა კირცხალია.



















