“ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ოპოზიციურ პარტიებს გარედან მართულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს.
უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდი და საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული ყველა პოლიტიკური ძალა ერთი ბინძური სცენარის ნაწილია, რომელთაც უბრალოდ სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ.
უმრავლესობის ლიდერს კითხვა ლევან მაჭავარიანის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს.
„ბატონი ლევანი [მაჭავარიანი] ახალს არაფერს ამბობს და საზოგადოებას ახსენებს, ვისთან გვაქვს რეალურად საქმე. საზოგადოებას ყოველთვის შევახსენებთ, რომ ეს სხვადასხვა ნომრის და ფერის პარტიები იყო და არის ერთი დიდი ბინძური სცენარის ნაწილი. გარე ძალები და აგენტურა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ მათ რიგებში დივერსიფიცირება მოეხდინათ და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეეყვანათ შეცდომაში. უტიფრად აყრიან ქართველ საზოგადოებას თვალებში ნაცარს. გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ“, – განაცხადა კირცხალიამ.








