ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება (ALDE) ევროკავშირს მოუწოდებს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი.
ALDE-ს პრეზიდენტმა სვენია ჰანმა და „ევროპის ლიბერალური ფორუმის“ პრეზიდენტმა იან-კრისტოფ ოიტიენმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასსა და ევროკომისარ მარტა კოსს შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს. ინიციატივის მთავარი მიზეზი საქართველოში „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ (FNF) ოფისის იძულებითი დახურვაა, რაც ხელისუფლების მიერ საგრანტო განაცხადის არდაკმაყოფილებას მოჰყვა.
აღნიშნულ მოწოდებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მმართველ გუნდს „უსაფუძვლო სანქციების პაკეტები“ ნაკლებად აინტერესებს და ვერანაირი შეზღუდვა ვერ გადაახვევინებს იმ კურსიდან, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და გამთლიანებას ითვალისწინებს.
“ALDE – სგან და პოლიტიკური ელიტისგან ევროკავშირში მსგავსი განცხადებები არ უნდა გვიკვირდეს. ალბათ, ავიწყდებათ, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან არის პირდაპირი უსამართლო თავდასხმების ქვეშ. ნაკლებად გვაინტერესებს, განსაკუთრებით სახელისუფლებო გუნდს, ეს იქნება საკანონმდებლო ორგანო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, მათ მიერ ეს უნიჭო და ყოვლად უსაფუძვლო სანქციების პაკეტები წლიდან წლამდე თუ თვიდან თვემდე. ეს ძალიან კარგად იციან. ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რასაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით და ეს დაკვეთა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალაშია დღესაც და ეს დაკვეთა არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის და ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა კირცხალიამ.








