კიოლნის პოლიციის შეფი სამსახურიდან გაანთავისუფლეს

კიოლნის პოლიციის შეფი ვოლფგანგ ალბერსი დროებით დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს – ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

ალბერსის გადაყენება ქალაქში საახალწლო ღამეს ქალებზე მასობრივი თავდასხმის სკანდალის ფონზე მოხდა.
ორი დღის წინ პოლიციის შეფმა პოსტის დატოვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. რადიოსადგურ WDR-ის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ალბერსი თანამდებობაზე დარჩენას, მან უპასუხა: “ცხადია! მე აქ ზუსტად ახლა ვარ ასჭირო”.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ 32 პიროვნების ვინაობა დაადგინა, რომლებიც ახალი წლის ღამეს ქალაქ კიოლნში ქალებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ძარცვავდნენ – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტობიას პლატემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, 29 მათგანი ლტოლვილია, რომელთაც ქვეყანაში ცხოვრების უფლება აქვთ, მათ შორის, 18-მა ეს უფლება, როგორც ლტოლვილმა მიიღო. პლატემ ასევე განაცხადა, რომ ათი მათგანი იყო ალჟირიდან, 8 მაროკოდან და ოთხი სირიიდან.
ტელეკომოანია WDR-მა ამასთანავე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. WDR-ის ცნობით, მათ მიერ ჩამორთმეულ მობილურებში რამდენიმე წინადადება არაბულიდან გერმანულ ენაზეა გადათარგნილი, მათ შორის “მე შენთან მინდა სექსით დავკავდე”, “ლამაზი მკერდი” და “მე შენ მოგკლავ”. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურ პირებს არ დაუდასტურებიათ.

ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციაში საჩივრების ოდენობა 170-მდე გაიზარდა. აქედან 117 სექსუალურ ძალადობას ეხება.
კიოლნში არეულობები 31 დეკემბრიდან პირველი იანვრის ღამეს მოხდა. “აფრიკული და არაბული სახის” მამაკაცები ქუჩებში ქალებზე ძალადობდნენ ან ძარცვავდნენ. საჩივრებიდან ორი გაუპატიურებას ეხება.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიის სხვა ქალაქებში, ასევე ავსტრიასა და შვეიცარიაში. მიმდინარეობს გამოძიება მათი შესაძლო კავშირის შესახებ.

გერმანიის კანცლერმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა ქვეყნიდან გააძევონ ყველა, ვინც აღნიშნულ დანაშაულში იქნება მხილებული.
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ სექსუალრ ძალადობასა და ძარცვაში ბრალდებული ყველა ლტოლვილი დეპორტირებული იქნება საკუთარ ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა სირიელებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით თურქეთში დაკავებული ბიზნესმენები ქართველები არ არიან