24.9 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

კინოაკადემიის წევრები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს კინოაკადემიის წევრთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებას ხელს აწერს აკადემიის 60 წევრი.

“ჩვენ, საქართველოს კინოაკადემიის წევრები, კატეგორიულად ვგმობთ ჩვენი კოლეგების მიმართ დისკრიმინაციულ და უსამართლო დამოკიდებულებას.

ბოლო პერიოდში კინოაკადემიაში გაწევრიანების მიზნით არაერთმა ახალგაზრდა თუ ღვაწლმოსილმა პროფესიონალმა კინემატოგრაფისტმა შეიტანა განაცხადი.

საუბარია ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობენ თანამედროვე ქართული კინოს შექმნაში, წარმოადგენენ ქართულ კინოს საერთაშორისო სივრცეში და აკმაყოფილებენ აკადემიის წევრობისთვის დადგენილ პროფესიულ კრიტერიუმებს.

მიუხედავად ამისა, მათი წევრობის საკითხი უარყოფითად გადაწყდა. კერძოდ, უარი ეთქვათ შემდეგ კანდიდატებს: ირინე ჟორდანია, შალვა სოყურაშვილი, თეკლა მაჭავარიანი, ლევან აბდუშელიშვილი, მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი, ვანო ბურდული, კეკო/ეკატერინე ჭელიძე, გიგა ლიკლიკაძე, ირინა გელაშვილი, უტა ბერია, თეა გაბიძაშვილი, ქეთევან ყიფიანი, კოტე ჩლაიძე, ანა კვიჭიძე, ვიგენ ვართანოვი, ანა ბარჯაძე, ანა ლომიძე, მარადია ცაავა, ნუცა წიქარიძე

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ გამგეობის სხდომაზე , რომელსაც კინოაკადემიის მიმღები კომისიისა და აკადემიის წევრებიც ესწრებოდნენ, ამ გადაწყვეტილებების მიზეზად დასახელდა არა პროფესიული გარემოებები, არამედ პირადი დამოკიდებულებები და ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები.

კინოაკადემია არის წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული გაერთანება, აკადემიის გაფართოების და ახალი წევრების მიღების საკითხი უნდა წყდებოდეს არა პირადი სიმპათიის, წყენის ან პოლიტიკური გემოვნების, არამედ მხოლოდ პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე.

როგორც პროფესიული გაერთიანება, ორგანიზაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საკუთარი დებულებით, პროფესიული სტანდარტებითა და თანასწორობის პრინციპით.

მიგვაჩნია, რომ აკადემიის განვითარება და მისი პროფესიული ავტორიტეტი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილად წარმოადგენს იგი ქართულ კინოს.

შეუძლებელია ძლიერი და წარმომადგენლობითი კინოაკადემიის არსებობა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ქართულ კინოს და აკმაყოფილებენ წევრობისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

შესაბამისად, მოვითხოვთ იმ კანდიდატების განაცხადების სამართლიან და ობიექტურ გადახედვას, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება მიღებული იქნა არაპროფესიული მოტივებით, და იმ პროფესიონალების კინოაკადემიაში მიღებას, რომლებიც აკმაყოფილებენ წევრობისთვის აუცილებელ ყველა კრიტერიუმს.

მოვუწოდებთ კინოაკადემიის ხელმძღვანელობასა და შესაბამის ორგანოებს, მიიღონ გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ, სამართლიანად და მხოლოდ პროფესიული კრიტერიუმების საფუძველზე. კინოაკადემია უნდა აერთიანებდეს ქართულ კინოს და არა ყოფდეს მას”,_ წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ნაცურ იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ