კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ახალი ქართული ფილმის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, – ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.

ეროვნული კინოცენტრი მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და მოუწოდებს როგორც საერო ისე სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან.

„შვედურ-ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8 ნოემბერს უნდა გამოვიდეს თბილისის ეკრანებზე.

მაყურებლის ინტერესი ფილმისადმი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ყველა ბილეთი გაყიდულია. ეროვნული კინოცენტრი, ისევე როგორც ბევრი მაყურებელი მთელს მსოფლიოში, გულშემატკივრობს ამ ფილმს, რომელიც შვედეთმა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე წარადგინა. ფილმმა უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო აღიარება. მას კომერციული წარმატებაც აქვს.

ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან და შეახსენებს მათ, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“.

ამავე დროს საქართველოს კონსტიტუცია ადამიანთა თანასწორობის გარანტია. ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი… ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს.

ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნისა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე საათი ყველაზე ხმაურიანი ფილმის დაწყებამდე – “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ს პრემიერა პროტესტის ფონზე გაიმართება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ბიძინა ივანიშვილი თუ წყალტუბოს აღორძინებას დაიწყებს, სხვა ინვესტორებიც ჩადებენ ინვესტიციებს