“გავხდი მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი – კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის “გაშავებას“ რომ დავთანხმებოდი, პრობლემები არ შემექმნებოდა“ – ელისო კილაძე
“გავხდი კონკრეტული თანამდებობის პირის, მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი – კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის “გაშავებას“ რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მე პრობლემები არ შემექმნებოდა,“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
როგორც კილაძემ აღნიშნა, ამ საქმეში არ არის არცერთი ნეიტრალური მოწმე და ყველა მოწმე არის დაკავშირებული მამუკა მდინარაძესთან.
“ამ საქმის ანატომია, სქემა ეწყობა ისე, რომ მე გავხდი კონკრეტული თანამდებობის პირის, მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი. როდესაც მამუკა მდინარაძე სუს-ში მივიდა, მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. ამას ჰქონდა მთელი რიგი წინაპირობა. რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ჩვენთვის პირველივე დღიდან იყო ცნობილი მოწმეების ვინაობა. არცერთი ფაქტი ჩვენი ოჯახის წევრებიდან არ ყოფილა არცერთ მოწმეზე რაიმე ფორმატით ზემოქმედების.
[…] ერთი ადამიანი, იყო შუამავალი მდინარაძის ჩემთან და მთავაზობდა “ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების გაშავებას გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. ამ სასამართლოს ველოდები, რომ ეს განცხადება გამეკეთებინა: კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური და უჩა მამაცაშვილი, ამ ადამიანების “გაშავებას“ რომ დავთანხმებოდი გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მე პრობლემები არ შემექმნებოდა.
ამ საქმეში არ არის არცერთი ნეიტრალური მოწმე. ყველა მოწმე არის დაკავშირებული მამუკა მდინარაძესთან. მივიდა თუ არა სუს- ში მაშინვე დაიწყო ამ საქმის შეკერვა. იმდენი ლაფსუსი გაეპარა და ისე ჩაყარეს ჩვენებები, არც კი უფიქრიათ, რომ შედეგობრივი კავშირი ყოფილიყო“, – განაცხადა ელისო კილაძემ.















