ირინე აზაროვა: „ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის ადგილი არის ციხეში!!!

ირინე აზაროვა: „ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის ადგილი არის ციხეში!!!“

KILADZE-KONAXIDZEპოლიტპატიმრების სიებისა და ე. წ. კოკაინის საქმის ფიგურანტების სკანდალის შემდეგ ,,ქრონიკა+“-ში ზარები არ წყდება. რედაქციას უკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეზე კონკრეტულ ფაქტებს გვაწვდიან. ვინაობას არავინ მალავს. ყველა მათგანი თანახმაა ინტერვიუზე. ამჯერად გთავაზობთ ქალთა მეხუთე დაწესებულების პატიმრის, ირინე აზაროვას ინტერვიუს, რომელიც „ქრონიკა+“-ის რედაქტორს პირადად დაუკავშირდა.

მფარველობენ თუ არა ეკა ბესელია და მანანა კობახიძე ნარკორეალიზატორებს? ჰპირდებოდნენ თუ არა პრეზიდენტის შეწყალებას პატიმარ ქალებს? რატომ ითხოვენ ისინი პირდაპირ ეთერში შეხვედრას დეპუტატებთან და რა მასალები გაუგზავნეს ექსპრემიერ ღარიბაშვილს?

პატიმარი ქალის სკანდალური ინტერვიუ

 

_ ირინე, როდის დაგაკავეს და რა ბრალდებით?

_ 2008 წლის 9 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით დამაკავეს. 2008 წლის განაჩენით 29 წელი მქონდა მოსჯილი, 2010 წლის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 23 წელი დამიტოვეს. ეს  მუხლი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას და შემოტანას ითვალისწინებს. ნარკოტიკების  მომხმარებელი ვიყავი. ჩემთან ერთად დააკავეს ძმები _ ზვიად და მალხაზ ხარებავები. ეს ნარკოტიკი მათ შეიძინეს. დაგვაკავა სამეგრელოს სამხარეო მთავარმა სამმართველომ, შემდეგ საქმე გადაიგზავნა, ბათუმში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, სადაც განიხილეს. ზუგდიდის პროკურორი იყო ფელიქს ჯალაღონია, რომელმაც არაერთგზის კრიმინალებს მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა საპროცესო გარიგების საფუძველზე 5 000 ლარით, რადგან მე 20 000 ლარი არ მქონდა, ამისთვის 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს.

_ რა ბედი ეწია თქვენთან ერთად დაკავებულ დანარჩენ ორ პირს?

_ ჩემთან ერთად დაკავებული ორი პირიდან ერთი 2012 წლის ამნისტიით, ხოლო მეორე, ზვიად ხარებავა,  პოლიტპატიმართა სიით განთავისუფლდა. მე პროკურატურას მივმართე, რადგან ზვიად ხარებავა პოლიტპატიმარი იყო, შესაბამისად, მეც უნდა ვყოფილიყავი პოლიტპატიმარი, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია.  განთავისუფლებულების მერე ისინი არაერთგზის იყვნენ დაკავებულები, შეწყალებულებიც და ახლაც თავისუფლები არიან.

ჩვენ 262-ე მუხლით მსჯავრდებულებმა ერთობლივი განცხადებითაც მივმართეთ ეკა ბესელიას, მანანა კობახიძეს, დავით უსუფაშვილს, თეა წულუკიანს და ბევრ სხვა პიროვნებას, მაგრამ ეკა ბესელიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ხარვეზი იყო დაშვებული, მაგრამ ამ ხარვეზს ვერ გამოასწორებდნენ. პირველად შემოსვლის დროს გვითხრა, რომ პრეზიდენტი ავირჩიოთ და პირველი ეტაპით თუ არა, მეორე ეტაპით 262-ე მუხლით მსჯავრდებულები შეწყალებით დატოვებთ სასჯელაღსრულების დაწესებულებასო. ამის გარდა, შეხვედრისას მე პირადად ვკითხე ეკა ბესელიას, _ ამნისტიის მე-18 მუხლით სრული განთავისუფლება გვიწერია, როგორც 260-ე მუხლით, ასევე 262-ე მუხლით გასამართლებულებს,  რატომ გაგვინახევრდა ერთი მესამედით? მან მიპასუხა: მოიაზრება სრული განთავისუფლება, მოიაზრება სასჯელის განახევრებაცო. რა გამოდის? ამირან გულში მღეროდაო.

შემდეგ კიდევ დაგვპირდა შეწყალებით განთავისუფლებას, რაზეც მე ვუთხარი, _ ქალბატონო ეკა, ნუ იტყუებით, შეწყალების კომისიას ვერ დაავალდებულებთ ჩვენს შეწყალებას. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას-მეთქი. მერე დაგვპირდა, _ ამნისტიის შემდეგ ამ ხარვეზებს გამოვასწორებთ და კიდევ ერთ ამნისტიას დავუშვებთ 260-ე მუხლებზეო. შემდგომ წერილობით მივმართეთ მანანა კობახიძეს.

_ მისგან რა პასუხი მიიღეთ?

_ მან მოგვწერა: ამნისტიის გარდა,  იგეგმება უკანონო და დაუსაბუთებელი, ძალაში შესული განაჩენების  გადახედვა, რომ საშუალება მოგვეცემოდა, დაგვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ გედევან ფოფხაძე ტელევიზიით გამოვიდა, მეორე არხზე ბრიფინგი ჰქონდა და მან თქვა, _ თქვენ ვერ დასჯით ვერავის ამის გამო და იმიტომ გვინდოდა შეწყალებით განთავისუფლებულიყვნენ, რომ იურიდიულად, სამართლებრივად აღარ შეეძლებოდათ კომპენსაციის მოთხოვნაო. ასევე იმის შესახებ საუბრობდნენ, რომ წინა ხელისუფლების სისხლიანი რეჟიმის ნაწამები პატიმრები გაათავისუფლეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. წინა ხელისუფლების მიერ დაკავებული ადამიანები, რომლებიც დღემდე ვიხდით სასჯელს და არიან უვადო პატიმრები, არც ერთ ჩვენგანს არ გვქონდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან. ბრალი არ გვიღიარებია.ამის გარდა, გედევან ფოფხაძემ პირადად ჩემთან განაცხადა, საუბარი იყო  თქვენს სრულ განთავისუფლებაზე, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენი განთავისუფლების პოლიტიკური ნება არ არისო.

_ ვის გულისხმობდა გედევან ფოფხაძე ამ შემთხვევაში, ხომ არ დაუკონკრეტებია?

_ ჩემი აზრით, ის გულისხმობდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ თუ გაგვათავისუფლებდნენ და მერე ჩვენ მივმართავდით  სამართლიან სასამართლოს, რომელსაც ასევე გვპირდებოდნენ, აღმოჩნდებოდა, რომ პასუხი უნდა ეგოთ იმ პირებს, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს. ამიტომ არ იყო პოლიტიკური ნება. მე ვკითხე, _ ე. ი. ჩვენ არა დანაშაულის, არამედ პოლიტიკური ნების პატიმრები ვართ-მეთქი?  რაზედაც გედი ფოფხაძემ მხრების აჩეჩვით მიპასუხა, _ მე რა შუაში ვარო?

ჩემი ჩანაწერები არსებობს, ტელევიზიითაც, პირადად ბევრი ინტერვიუ მაქვს მიცემული იმასთან დაკავშირებით, რომ დღემდე ვრჩებით პატიმრობაში ქალები, რომლებსაც უკვე თითქმის მოხდილი კი არა, ამნისტიით განთავისუფლებული ხალხის სასჯელებიც მოხდილი გვაქვს და იმ ახალი პატიმრებისაც, რომლებიც იგივე დანაშაულით შემოდიან 2-წლიანი და 4-წლიანი სასჯელებით. ჩვენ უკვე მეტი აღარ შეგვიძლია!!!

_ ახალი ხელისუფლების პირობებში იყო თუ არა შემთხვევები, რომ თუნდაც ასეთ მძიმე დანაშაულზე გასამართლებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლეს?

_ ამნისტიით განთავისუფლდა მზია მენეხშე, რომელიც 3 კგ. ჰეროინით იყო დაკავებული, მასთან ერთად დაკავებულები იყვნენ მისი შვილი და ქმარიც, სამივე მათგანი განთავისუფლდა.  ვამბობდით, _ ალბათ, მურაბის მოსახარშად უნდოდათ 3 კგ. ჰეროინიო. ციხეში გრამებზე დაკავებული ადამიანები დავრჩით. ესაა ბესელია-კობახიძის სამართალი? შემდეგ, ახალი ხელისუფლების დროს, პირადად გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ, როდესაც პირობით ვადამდე განთავისუფლების კომისიაში იყვნენ, ნამდვილად გაათავისუფლეს ნარკომოვაჭრეები, თან არაერთი. დოკუმენტაციაც მოვითხოვეთ. ამ ფაქტებს გადავაგზავნით შესაბამის უწყებებში. შემიძლია, თქვენც მოგაწოდოთ.

იმისთვის, რომ ყოველი ჩვენი სიტყვა დადასტურდეს, ჩვენ, პატიმრები, ვითხოვთ ღია პრესკონფერენციას, პირდაპირ ეთერში დავსხდეთ ეკა ბესელიასთან, მანანა კობახიძესთან, მოვიწვიოთ გედევან ფოფხაძეც და დოკუმენტურად, ყველას თანდასწრებით, ღია ეთერში, დავამტკიცებთ, რომ ისინი ცრუობენ და დღემდე სიცრუით ინარჩუნებენ ადგილებს.

_ უნდა შეგეკითხოთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით: ანასტასია ზაუტაშვილის არსებობის შესახებ თუ იცით და იხდის თუ არა ის სასჯელს იმავე დაწესებულებაში და იმავე პირობებში, რაშიც თქვენ?

_ ანასტასია ზაუტაშვილი იმყოფებოდა `ა“ კორპუსზე, რომელიც განსხვავებულია ღია კორპუსებიდან, ნახევრად ღია კორპუსია, მას ჩვენთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ამ ფაქტსაც გამოვეხმაურები, როცა მანანა კობახიძემ პირდაპირ ეთერში გააკეთა განცხადება, რომ ანასტასია ზაუტაშვილის საქმის მასალებში ძალიან ბევრი დარღვევაა, ასევე დარღვევაა ჩვენს საქმეებში, რისთვისაც 262-ე მუხლით ვიხდით სასჯელებს. ჩვენ ადამიანები არ ვართ? მხოლოდ იმიტომ, რომ ფული არ გვაქვს, ყურადღება არ უნდა მოგვაქციონ? ნუთუ, ვერ მიიღეს ერთი კანონი, რომ დაგვემტკიცებინა ჩვენი უსამართლობა? მაგრამ ეს არ არის მათი პოლიტიკური ნება, ანალოგიურად, წინა ხელისუფლებისა. ამიტომ ჩვენთვისაც ბევრი კითხვის ნიშანი რჩება!!!

_ კიდევ ერთი პატიმრის თაობაზე უნდა გკითხოთ, ქეთინო ზარნაძეს თუ იცნობთ?

_ ქეთინო ზარნაძე იმყოფებოდა პატიმრობაში, რა თქმა უნდა, ის იყო ასევე ჩვენი მსჯავრდადებული, განთავისუფლდა, თუ არ ვცდები, ამნისტიით გავიდა.

_ არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ ცნობილი ქალთა ციხის ბუნტის დროს, როცა ციხეში სპეცრაზმი შემოვიდა, ქეთევან ზარნაძის ჩვენებებით ქალებს სასჯელები დაუმძიმდათ, როცა ის რეალურად ამ ბუნტის დროს ზონაზე არ იმყოფებოდა.

_ ესეც ძალიან დიდი ალბათობა არის, იმიტომ რომ მე თვითონ ვიმყოფებოდი იმ პერიოდში `მატროსოვის“ ციხეზე.  შეწყალება გამოცხადდა, მედიკო ალანიამ პატიმრები დაიბარა და უთხრა, რომ შეწყალებულები იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ისინი არ იყვნენ შეწყალებულები და შეიწყალეს სულ სხვა პიროვნება. პატიმრები შიმშილობას იწყებდნენ და ითხოვდნენ ცალკე საკნის გამოყოფას მათთვის. შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო მოხდა  ტერიტორიაზე არსებული სამორიგეოს ფანჯრების ჩამომტვრევა. დაწესებულებაში იმ წუთში სამკერვალო გაიხსნა და მინისტრი დიმიტრი შაშკინი იმყოფებოდა, 2 წუთში გაჩნდა დიმიტრი შაშკინი თავისი ამალით ზონაზე. მსჯავრდადებულებს ელაპარაკა, ისინი დაწყნარდნენ, დავიწყეთ ტერიტორიიდან დაშლა, ზარანდია მოტრიალდა და გვითხრა: თუ ჭკვიანად არ იქნებით, ამ ციხეში ჩაიხოცებითო! აი, ამას მოყვა შემდეგ ის არეულობა, რაც მოხდა, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ დაგვიწვავს არაფერი, რადგანაც სახლიდან მოტანილი გვქონდა ყველა ნივთი, თეთრეული, ლეიბი, ბალიში, იქ არ იყო არანაირი დიქტები და დაწესებულება არაფერს არ გვაძლევდა, ოჯახიდან მოტანილი გვქონდა ყველაფერი, სუფრაც კი გვქონდა გაშლილი, რადგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უნდა შევხვედროდით.

ღამის 4 საათზე გაიღო კარი და `სპეცნაზი~ შემოვიდა. იქ ქალები სცემეს, თუმცა მე პირადად არ ვუცემივართ, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, ტერიტორიიდან გაგვიყვანეს და ამას არანაირი კითხვა არ მოჰყოლია. ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვიცი, რომ მზია მენახშემ პატიმრების მიმართ ცრუ ჩვენება მისცა, რის გამოც გოგონები დაისაჯნენ. ასევე იმ ადამიანებმა, ვინც ჩვენებები მისცეს, სასჯელიდან თითქმის ყველა განთავისუფლდა 2012 წლის შემდეგ, მათ შორის ქეთევან ზარნაძეც.

სახალხო დამცველი შემოვიდა, მაგრამ გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მათ არ შეუძლიათ ჩვენი დახმარება. მე ყოველთვის ვეკითხები, _ მაშინ გვითხარით, ვის შეუძლია დახმარება, როდესაც თქვენ ბრძანდებით ხელისუფლების წარმომადგენელი? ამაზე ისინი პასუხს ვერ გვცემენ.

პოლიტიკური ნება არ არსებობს იმიტომ, რომ როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩვენი გაღებული თანხები არ დახვდათ, რადგან ბრალი არ ვაღიარეთ და საპროცესოები არ გავაფორმეთ, ვერ გადავიხადეთ, არ გვქონდა თანხები და როგორ უნდა გადაგვეხადა?! სამართლიანობის აღდგენას რომ დაგვიპრდნენ, მოგვატყუეს. შეგვპირდნენ, რომ ქალები სახლში წავიდოდით და მოგვატყუეს, 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადეს და ესეც ვერ დავინახეთ, ჩვენ დავიღალეთ!!! 262-ე მუხლით გასამართლებულები და ყველა ის ძველი პატიმარი სამართლიანობას ვითხოვთ. ეს მათი ნება არ არის. ჩვენ ვერ მივაწვდინეთ ხმა ნორმალურად ვერავის, საზოგადოებას ცრუ ინფორმაციები აქვს, ადამიანები თავისუფლდებიან უარესი დანაშაულით. საუბარია თანხების გადახდაზე, ჩვენ კი ვრჩებით უპირობოდ, სასიკვდილოდ განწირული პატიმრები. თუმცა საზოგადოებას ჩვენზე წარმოდგენა აქვს, რომ ვართ კრიმინალები, რომლებმაც საშინელი დანაშაული ჩავიდინეთ.

ასევე ვითხოვთ, რომ მზად ვართ მოვიხადოთ სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩავიდინეთ და არა ვირტუალური დანაშაულისთვის!!!

_ ის ხარებავა, რომელიც თქვენთან ერთად იყო დაკავებული, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ვინ მფარველობდა მის განთავისუფლებას? როგორ აღმოჩნდა ის პოლიტპატიმრების სიაში?

_ ის არის ზუგდიდი-სამეგრელოს ყოფილი პროკურორის, როლანდ ახალაიას ახლო ნათესავი და ამის გამო, რა თქმა უნდა, ამ სიაში აღმოჩნდებოდა. ამის გარდა, ბევრჯერ იყო პატიმრობაში და ისევ ის არის გარეთ. ის არის ციხის ტურისტი. მის მიერ შეძენილი და გადმოტანილი ნარკოტიკის გამო ვიხდი მე სასჯელს. ბრალი, რომელიც წაყენებული მაქვს და დაფიქსირებულია ვიდეოგადაღებით, ამ ვიდეო მასალების ფირები მოვითხოვე, რაზეც მივიღე პასუხი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არსად მოიპოვება ეს ვიდეო ფირები. 2008 წლის ომის დროს განადგურდაო.

ვსვამ კითხვას, _ 2008 წლის 8 აგვისტოს საქმის მასალები ბათუმის ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოში არსად არ მოიპოვება, იმიტომ რომ იქ არ არის ნარკოტიკული ნივთიერების ამოღება, იქ არის ფირები, რაზედაც მე წერილობით მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, როდესაც სამეგრელოში ფირების ამოღების პროცესი განხორციელდა. მანდ ჩემი პირადი ფირებიც იქნება, რადგან შიშველს მადგნენ თავზე სამი კამერით და მაწამებდნენ. პოზირებას მაკეთებინებდნენ, მაწამეს, დარტყმის შედეგად დამიჩირქდა მკერდი და გამიკეთდა ოპერაცია, მიწერია, რომ თურმე მაქვს მასტიტი. მასტიტი არ მაქვს, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, როდესაც დამაკავეს. დღემდე 8 წელია, ნემსების ქვეშ ვიმყოფები, სულ გამოკვლევებში ვარ, ლოგინად ვწევარ. მე მინდა სიცოცხლე!!!

ძალიან გთხოვთ, მოგვეშველეთ, უკვე ხალხს გული დაგვისკდა, უსამართლობას ვეწირებით, ჩვენი სასჯელის გამო ისინი ხელფასებს და პრემიებს იღებენ. ნამდვილად და პირდაპირ ვიტყვი ეკა ბესელიაზე: ეკა ბესელია არის კრიმინალი, რომელიც დღეს ციხეში უნდა იჯდეს და არა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ასევე მანანა კობახიძეც! თუ არ შეუძლიათ საქართველოს მოსახლეობაზე ზრუნვა და საქმის სამართლიანად კეთება, უნდა დატოვონ თანმდებობები და წავიდნენ სახლში. ან ნება იბოძოს ხელისუფლებამ და ციხეში შემოიყვანოს, რადგან კრიმინალების ადგილი პარლამენტში ნამდვილად არ არის.

_ ბოლო შეკითხვა მექნება: არც წამების ფაქტზე არ აღძრულა საქმე ახალი ხელისუფლების პირობებში?

_ არ აღძრულა, იმიტომ რომ მე თავზე მედგა თენგიზ გუნავა და მიდი, მიდი, გოგო, აღიარეო! ისეთი შეურაცხმყოფელი ბრალდებით ვიხდი დღეს სასჯელს, სიტყვები არ მყოფნის. მე ვარ დამნაშავე, კი ბატონო, არ უნდა ვყოფილიყავი ნარკომანებთან, არ უნდა მომეხმარა, ამაში ნამდვილად ვარ დამნაშავე, მაგრამ ის სიბინძურე, რის გამოც მე დღეს ვიხდი სასჯელს, ნამდვილად არ ჩამიდენია. 8 წელია, ამას ეწირება ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის ჯანმრთელობაც. შვილი გავანადგურე. რა დააშავა ჩემმა შვილმა საიმისოდ, რომ გამწირეს, იმიტომ რომ ფული არ აქვს ჩემს შვილს? რადგან ფული არ მაქვს, ამის გამო ვიხდი დღემდე სასჯელს!!!

კიდევ მინდა დავამატო: მამუკა ტუსკაძე თვითონ იყო შემოსული გაგნიძესთან ერთად, ჩვენი 262-ე მუხლით გასამართლებულთა საბუთები გაითხოვა და ამის მერე ორივე დაიკარგა. ასევე თამარ ავალიანს აქვს ჩვენი დოკუმენტაცია.კიდევ გიგა კვერენჩხილაძეს მინდა გამოვეხმაურო _ დავიცვათ ის, ვინც ღირსეულია. ეკა ბესელია ნამდვილად არის ნარკორეალიზატორების მფარველი _ აი, ეს მინდა პირადად გიგა კვერენჩხილაძეს ვუთხრა მე, ერთმა პატიმარმა!!! პატიმრები მზად არიან, პირდაპირ ეთერში დასხდნენ და დაამტკიცონ სიმართლე. ჩვენ გვინდა, სასამართლო მოვუწყოთ პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს.

 

ელისო კილაძე

 

banner
წინა სტატიაშისამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს
შემდეგი სტატიაცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე – შემთხვევის ადგილზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ