რუსეთის მიერ კიევზე მიტანილ სარაკეტო იერიშს, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის 12 წლის ბავშვი. დაშავდა 44 ადამიანი. მაშველები ნანგრევებში 20 ადამიანს ეძებენ.
კიევის დარნიცკის რაიონში იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ ჩამოიშალა. ჩამონგრეულია 18 ბინა. მაშველებმა ამ შენობიდან 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ამბობენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა მეტი ადამიანი იყოს.
ცნობისთვის, რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში 14 მაისის ღამეს მიიტანა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 13-14 მაისს რუსეთმა უკრაინისკენ 1567 დრონი და 56 რაკეტა გაუშვა. მისივე ცნობით, მოიგერიეს დრონების 94% და რაკეტების 73%. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებსა და სპეციალურ სამსახურებს დაავალა წარუდგინონ რუსეთის იერიშებზე შესაძლო საპასუხო მოქმედებების ვარიანტები.

















