კიევში ქართული კულტურის VII ფესტივალი გაიმართება

13231165_610877645738171_110047831_n20 მაისს, 18:00 საათზე, კიევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კულტურის რიგით მეშვიდე ფესტივალი გაიმართება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს და უკრაინაში ქართული დიასპორის შექმნის მეოცე წლისთავს ეძღვნება.

“ქართული კულტურის ფესტივალი თავისი მასშტაბურობით სოციალურ-კულტურული პროექტია და ხელს უწყობს საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას”, – განაცხადა სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ.

საზეიმო ღონისძიებაში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ (ხელმძღვანელი უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მაკა ლომსაძე), კიევის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული კოლექტივები, მომღერლები – შმაგი თაღიაშვილი, ქეთი შამუგია, გიორგი დარახველიძე მონაწილეობენ.

ღონისძიების სპეციალური სტუმრები არიან – ცნობილი ქართველი მომღერალი ელენე ფოჩხუა; კვარტეტი “მუხამბაზი” და უკრაინული X-ფაქტორის ფინალისტი თათია კობალაძე.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, მხარდამჭერები – უკრაინის კულტურის სამინისტრო, ქალაქ კიევის მერია და საქართველოს საელჩო უკრაინაში.

ფესტივალის ფარგლებში ფოტო-გამოფენა გაიმართება, რომელიც ქართული დიასპორის 20 წლის მანძილზე გაწეულ სამუშაოს ასახავს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშუკი და სხვა ოფიციალური პირები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.

banner
წინა სტატიაში,,რეფორმატორები” ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინის ქართულ სათვისტომოს დაარსებიდან 20 წლისთავს ულოცავს