კიევის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს

კიევის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს. სასამართლოს შენობასთან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები.

3 იანვარს კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი და უკანონოდ არ ცნო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ლტოლვილად, ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირად აღიარებაზე.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 30 დღიანი ვადა ჰქონდა, თუმცა, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა თავადვე გაასაჩივრა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რათა მისი დეპორტაციის პროცესი დაეჩქარებინა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ეს საქმე არის პოროშენკოს პირადი განკარგულება.

„ეს არის უპრეცედენტო იურიდიული პრაქტიკა. მე გავასაჩივრე მიგრაციული სამსახურის უკანონო გადაწყვეტილება. მათ ეს საქმე მოიგეს. მოგებულმა მხარემ გაასაჩივრა მოგებული საქმე. ასეთი რამე სადმე გაგიგიათ? მათთვის კანონები დაუწერელია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქეობა მას უკრაინის პრეზიდენტმა თავად მიანიჭა.

„პოროშენკომ განაცხადა, რომ წარმატებული რეფორმების მაგალითი მისთვის ორია – ეს არის საქართველო და სინგაპური. ეს არის პირადად პოროშენკოს სიტყვები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოროშენკომ მალდივის კუნძულებზე დასვენებით, უკრაინის კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა და სასამართლოში მის მხარდასაჭერად მისვლისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიგენგეგმის დოკუმენტაციის შეფასებაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: დანამატი კრიტერიუმების მიხედვით უნდა გაიცეს