კიევი ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზებს უკრაინული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის შეზღუდვის გაგრძელებისთვის და არ არის მზად, მიიღოს პოლონეთის ცალმხრივი აკრძალვა – სტეფანიშინა

კიევი ვერ ხედავს ობიექტურ მიზეზებს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის შეზღუდვის გაგრძელებისთვის და არ არის მზად, მიიღოს პოლონეთის ცალმხრივი აკრძალვა, ევროკავშირის წესების დარღვევით, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

„პირველ რიგში, უკრაინისა და ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირის შიდა ბაზრისთვის. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შემოღებულ დროებით შეზღუდვებს პოლიტიკური ასპექტი აქვს. ჩვენი ლოგიკა ამ საკითხში მარტივია. გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენ 3 000-ზე მეტ ევროპულ სტანდარტს და მოთხოვნას განვახორციელებთ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად და ჩვენთვის ამ კუთხით მუქარა მიუღებელია“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

ამასთან ერთად, სტეფანიშინამ განაცხადა, რომ მთავრობამ გამართა კონსულტაციები ფერმერებთან და ისინი დარწმუნებული არიან, რომ უკრაინის მეზობელი ქვეყნები არ არის ექსპორტისთვის პრიორიტეტული ბაზარი.

„ჩვენი ფერმერები იმედოვნებენ ევროკავშირის წევრი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებასა და გაზრდას, რადგან ჩვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები გაცილებით შორს არიან განლაგებული“, – განაცხადა სტეფანიშინამ.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობები ვაჭრობით არ შემოიფარგლება, ამიტომ უადგილოა ვაჭრობის პრობლემური საკითხების გაიგივება ზოგადად ურთიერთობების პრობლემებთან.

„ჩვენს შორის არის სტრატეგიული პარტნიორობა და ეს არ არის დამოკიდებული კონკრეტულ პოლიტიკოსთა სახელებზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია, მოქალაქეები, მათ შორის ომში მყოფი ქვეყნის ფერმერები, პოლიტიკური პროცესის მძევლებად ვაქციოთ“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ოპოზიცია სუსტი კი არა, დაშლილი, მოშლილი, ჩაშლილია, მათ ყველა სიტყვა უხდებათ
შემდეგი სტატიარუსეთმა აზერბაიჯანს დემარში გამოუცხადა