ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით 2025 წლის EU-ს გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოს მხრიდან ევროკავშირისკენ მიმავალი გზის საფრთხეში ჩაგდების შემდეგ, ევროინტეგრაციისადმი ერთგულების გამოხატვის ნაცვლად, საქართველომ ბოლო წლის განმავლობაში “კიდევ უფრო გადაუხვია ევროკავშირის გზიდან”.
პარალელურად, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეში წერია, რომ კომისიის შეფასებით, საქართველო მხოლოდ ფორმალურადაა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა:
“2024 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს დასკვნის შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია გაწევრიანებამდელი პროცესის დე ფაქტო შეჩერება და მას შემდეგ საქართველოში ფუნდამენტურ საკითხებზე უკუსვლის გაგრძელების ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურადაა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ.” – წერია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2025 წლის კომუნიკეში.
საქართველოს შესახებ ანგარიშის შესავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ 2024 წლის ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ დაეწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ცალსახად დაადასტურა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან მათი გადახვევა.
დოკუმენტის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა დამატებითი რეპრესიული ქმედებები, რაც ფუნდამენტურად შეუსაბამობაშია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების ევროკავშირის ღირებულებებთან, “რის პარალელურადაც საქართველოს ხელისუფლება სისტემატურადაა ჩართული უპრეცედენტო, ევროკავშირის საწინააღმდეგო მტრულ რიტორიკაში, რომელიც ხშირად თანხვედრაშია რუსული სტილის დეზინფორმაციასთან.”
“საქართველოში დემოკრატიის კუთხით შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი უკუსვლა ანგარიშის წერის პერიოდში.” – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რომელშიც ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეპრესიული ზომები მიიღო სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რაც სერიოზულად უთხრის ძირს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის მიმართულებით საქართველო გარკვეულ და ზომიერ მზადყოფნას შორის იმყოფება. თუმცა ხაზგასმით წერია, რომ ანგარიშის მომზადების პერიოდში ამ მიმართულებით უკუსვლა შეინიშნებოდა. ნათქვამია, რომ ამ რეფორმას ძირი გამოუთხარა ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და სამართლებრივმა შესწორებებმა, რომლებიც ასუსტებენ საჯარო მოხელეების სამართლებრივ დაცვასა და პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალ, დამსახურებაზე დაფუძნებულ საჯარო სამსახურს.
“სტაბილური, თანამედროვე, ადამიანებზე ორიენტირებული, ეფექტური, პასუხისმგებლობიანი და გამჭვირვალე საჯარო სამსახურის უზრუნველსაყოფად საჭიროა მნიშვნელოვანი ძალისხმევა.” – წერია ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით არ შესრულებულა ევროკომისიის რეკომენდაციები. შესაბამისად, რეკომენდაციები მეორდება: საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის ევროპულ პრინციპებთან და სტანდარტებთან შეთავსება, საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვის უკუსვლის შეჩერება, შესაბამისი გარანტიების მიცემით და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების უზრუნველყოფა.
სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ნაწილში წერია, რომ საქართველო მომზადების “ადრეულ ეტაპზე იმყოფება” მას შემდეგ, რაც უკვე მეორე წელიწადია, საქართველო ამ კუთხით უკუსვლას განიცდის: “შეცვლილი სამართლებრივი სისტემა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მთლიანობას, და აბათილებს წინა რეფორმებს.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში უკუსვლა შეინიშნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც. “ხელისუფლებამ კვლავ ვერ შეძლო ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობასთან, მისი პოლიტიკური ნეიტრალურობის ნაკლოვანებასთან და მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში საგამოძიებო ფუნქციებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე პასუხის გაცემა.” – წერია ევროკომისიის ანგარიშში.
საქართველოში ფუნდამენტური უფლებების შესახებ ევროკომისია წერს, რომ ახალი რეპრესიული კანონებისა და შესწორებების მიღებით ქვეყანაში მიმდინარეობს ადამიანთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა. “პროტესტის მონაწილეებისადმი ცუდად მოპყრობა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში წამებასა და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდა, ფართოდ იყო გავრცელებული ანგარიშის წერის პერიოდში.”
ამავდროულად, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარება გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების კუთხითაც და ბოლო წლის განმავლობაში ქვეყანა ამ მხრივ მზადყოფნის ადრეულ ეტაპზე ჩამოქვეითდა.
სამართლიანობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულება შეფასებულია როგორც “გარკვეული დონის მზადყოფნა”. ხაზგასმულია, რომ ანგარიშზე მუშაობის დროს ამ მიმართულებით ვითარება გაუარესდა.
“ცნობები პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ სასტიკი, არაპროპორციული და უკანონო ძალისა და დაშინების ტაქტიკის გამოყენებაზე, ასევე, დამნაშავეთა პასუხისგების ნაკლებობა, რისი შედეგიცაა ამ ქმედებებისთვის დაუსჯელობა, ხაზს უსვამს სერიოზულ ხარვეზებს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და სანდოობას. სამართალდამცავი ორგანოების ქცევა მიუთითებს გადაჭარბებულ პოლიტიკურ ჩარევაზე. სამართალდამცავთა ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები კიდევ უფრო შესუსტდა, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ საგამოძიებო ფუნქციები კიდევ უფრო მეტად კონცენტრირდა პროკურატურაში.” – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო გარკვეული მზადყოფნის დონეზეა სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნულია, რომ ანგარიშზე მუშაობის პერიოდში მიღწეულ იქნა შეზღუდული პროცესი და ქვეყანაში გატარდა გარკვეული ზომები ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან საბრძოლველად. ასევე ხაზგასმულია, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა.
რაც შეეხება პირველი კლასტერის დანარჩენ კრიტერიუმებს, ანგარიშის მიხედვით, “საქართველო გარკვეული მზადყოფნის დონეზეა და გარკვეული პროგრესი აქვს მიღწეული ევროკავშირის ფარგლებში კონკურენტულ ზეწოლასა და საბაზრო ძალებთან გამკლავების უნარის მიმართულებით”.
“გარკვეულ მზადყოფნადაა” შეფასებული საჯარო შესყიდვების დონეც, თუმცა აღნიშნულია, რომ ანგარიშზე მუშაობის პერიოდში წინსვლა არ შეინიშნებოდა. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს აქვს გარკვეული დონის მზადყოფნა სტატისტიკების სფეროში და ამ მიმართულებით შეინიშნებოდა ლიმიტირებული პროგრესი, მათ შორის სააგენტოთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნით და ასევე აღნიშNულია, რომ საქართველომ Eurostat-ს ოდნავ მეტი მონაცემები მიაწოდა. ამასთან, კომისიის შეფასებით, გარკვეული დონის მზადყოფნა არის ფინანსური კონტროლის მიმართულებითაც, თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ დოკუმენტზე მუშაობის პერიოდში ამ მხრივ ქვეყანაში წინსვლა არ შეინიშნებოდა.
ამას გარდა, ანგარიშში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს მზადყოფნა შეფასებულია “ზომიერად” და ნათქვამია, რომ ანგარიშზე მუშაობის დროს არ შეინიშნებოდა პროგრესი. რაც შეეხება საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მიმართულებას, აღნიშნულია, რომ ამ მხრივ ქვეყანაში შეინიშნებოდა უკუსვლა.
ამასთანავე, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო არ შეერთებია ევროკავშირის სანქციების უმრავლესობას რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ.
“საქართველო აღნიშნულ სფეროში გარკვეულ და ზომიერ მზადყოფნას შორის იმყოფება. ანგარიშზე მუშაობის პერიოდში შეინიშნებოდა უკუსვლა. საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან და საბჭოს გადაწყვეტილებებთან სანქციებთან დაკავშირებით, ანგარიშზე მუშაობის პერიოდში შემცირდა და კვლავ შემცირებული რჩება, 2025 წლის 24 ოქტომბრისთვის თავსებადობა 40% არის, 2024 წლის 53%-თან შედარებით. საქართველო არ შეერთებია რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების [სანქციების] უმრავლესობას. ანგარიშზე მუშაობის დროს, ის არ მონაწილეობდა ევროკავშირის კრიზისმენეჯმენტის მისიებსა და ოპერაციებში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.” – წერია ანგარიშში.
















