ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა კიდევ ერთი ეჭვმიტანილია, რომელიც ფიგურირებს ცნობილი საბჭოთა მსახიობის 95 წლის ვლადიმერ ეტუშის საქმეში.
როგორც უკვე ვიუწყდებოდით, მოსკოვის ტვერის რაიონის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ყოფილი თავმჯდომარის დაურ ბარგანჯიას პატიმრობაში 17 დეკემბრამდე დატოვების თაობაზე. მას ბრალად ედება 28 მილიონი რუბლის (487 077 USD) ქურდობა. ბარგანჯიამ ეს თანხა მაქინაციების გზით გამოსძალა 95 წლის ვლადიმერ ეტუშს.
2013 წელს ბარგანჯიამ, როგორც მსახიობის ეკონომიკურმა მრჩეველმა, შესთავაზა ვლადიმერ ეტუშს გაეხსნა ანგარიში შვეიცარიის ბანკში, რაშიც დახმარებას დაპირდა. მსახიობი ენდო მას და მთელი თავისი დანაზოგი გადაურიცხა. ამა წლის ოქტომბერში კი ეტუშმა თანხის უკნა დაბრუნება მოითხოვა და როდესაც ბარგანჯიასგან უარი მიიღო, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
რაც შეეხება ბუთბას, ისიც ანალოგიურ მაქინაციაშია ეჭვმიტანილი. ბარგანჯიას განცხადებით, ეტუშის ფული სწორედ ბუთბას აქვს. ბუთბაზე ძებნაა გამოცხადებული და სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება მისი დაპატიმრების შემდეგ. წინასწარი მონაცემებით, ბესლან ბუთმა შვეიცარიაში იმალება.
ინფორმაციას ტელეკომპანია “РЕН ТВ” ავრცელებს.
https://youtu.be/a3xwWtNJHcc