კი თუ არა სავალდებულო სამსახურს? ერთმნიშვნელოვნად კი!

jariსიმართლე გითხრათ, აღარ ვგეგმავდი ჩვენი სამხედრო რეფორმების თემაზე გამოხმაურებას, სიტყვაც დავდე აქ. თუმცა მანევრისთვის დავიტოვე ინტერვიუები და განსაკუთრებული შემთხვევები.
საყოველთაო სავალდებულო სამსახური ზუსტადაც განსაკუთრებული შემთხვევაა, მეტიც, – ფუნდამენტალური საკითხია.
ერთი კვირაა თავს ვიკავებ და არ ვწერ იმ ინფორმაციის შესახებ, რაც გავიგე, კერძოდ სამხედრო ბლოკში საჰაერო თავდაცვის სფეროში რა იდეებიც ტრიალებს. ამიტომ, ამ თემაზე ალბათ ცალკე პუბლიკაციას დავწერ, რომელშიც მეტწილად თეორია და რჩევა იქნება.
რაც შეეხება სავალდებულო სამსახურის ერთპიროვნულად გაუქმებას.
ჩემთვის მიუღებელია საკითხის ასე დაყენება: “თუ შემდეგი მინისტრი მოისურვებს, მას მოუწევს ამ ბრძანების გაუქმება”.
ვინმეს ჯიბრში ვუდგებით? ასე დაყენება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ნიშნავს და წინასაარჩევნო ელფერს აძლევს.
რადგანაც ასე კატეგორიულად დგას საკითხი, შემდეგ მინისტრს შევუმსუბუქებ პასუხისმგებლობას და თუ ერთი რიგითი გენერლის პოზიცია რაიმეს ნიშნავს, მას ასეთნაირად ჩამოვაყალიბებ:
ა) მე რომ ვიყო დღეს თავდაცვის მინისტრი და ხელისუფლებამ (საკანონმდებლომ, სააღმსრულებლომ) სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს – გადაცდგები.
ბ) მე რომ დავინიშნო დღეს თავდაცვის მინისტრად, პირველი, რასაც გავაკეთებ, – ამ ბრძანებას გავაუქმებ.
გ) მე რომ ვიყო დღეს გენერალური შტაბის უფროსი და ხელისუფლებამ (საკანონმდებლომ, სააღმსრულებლომ) სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს – გადაცდგები.
დ) მე რომ დავინიშნო დღეს გენერალური შტაბის უფროსად, პირველი, რასაც მოვთხოვ თავდაცვის მინისტრს – გააუქმოს აღნიშნული ბრძანება.
მგონი ამომწურავად ავხსენი, თუმცა ავხსნი. მე არავინ მნიშნავს და დამნიშნავს არცერთ თანამდებობაზე, თუმცა ეს ჩემი პოზიციაა.
ამ პოზიციიდან ჩანს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში პასუხისმგებლობას გენერალური შტაბის უფროსსაც ვაკისრებ. თუ ის ეთანხმება, ეს მისი პოზიციაა და უნდა ახსნას. თუ ის არ ეთანხმება – ის ოფიცერია და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ახლა რაც ეხება თვითონ საკითხის არსს.
თავდაცვის სამინისტრო უკვე მეორედ არღვევს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს. ერთი თემაა რეზერვის და მობილიზაციის საკითხი, მეორე თემაა სავალდებულო სამხედრო სამსახური. თუმცა დღეს კიდევ ერთი თემა გაჟღერდა, ესაა აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობა. ასეთ საკითხზე ზედმეტი ხმაური არაა მიზანშეწონილი, მშვიდად უნდა აკეთო.
ყველა თემა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე არის უმაღლესი მთავარსარდლის, პარლამენტის და მთავრობის პრეროგატივა.
ასეული არ გაგვყავს სტიქიურ უბედურებაზე პრეზიდენტის ნებართვის გარეშე. სავალდებულო სამსახურს კი ცალმხრივად ვაუქმებთ.
ეს საკითხი უკვე მეორედ წამოიწია და პირველი ტალღის დროსაც, ისევე როგორც რეზერვის კონცეფციის საკითხზე, ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მაშინაც დავაფიქსირე.
მოკლედ გავიმეორებ ჩემი დამოკიდებულების მიოზეზებს:
1. მსოფლიოში მხოლოდ სამად სამი ქვეყანაა, რომლებსაც არ აქვთ სავალდებულო სამსახური. ეს ქვეყნებია აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი. მათაც ომის დროს დიდი პრობლემები ექმნებათ და მშვიდობიან პერიოდში პრესტიჟული სამხედრო სამსახური უცებ ნაკლებად მიმზიდველი ხდება.
2. ასეთი საკითხები უნდა განიხილებოდეს პრეზიდენტთან უშიშროების საბჭოს ფორმატში, მთავრობაში, პარლამენტში და საექსპერტო საზოგადოებაში. რა თქმა უნდა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთანაც. მაგრამ, როცა იხილავთ არაპროფილურ ენჯეოებთან და არ გვიწვევთ ათობით გენერალს, ასობით ოფიცერს, რომლებიც ასევე ვართ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, არმიის გულშემატკივრები და საკითხის მცოდნეები, ეს არ გამოიყურება დამაჯერებლად (ეს რბილი შეფასებაა). აღარაფერს ვამბობ, რომ ხელისუფლების საკანონმდებლო და სააღმსრულებლო შტოებს არ ეკითხებით.
სხვათაშორის, პარლამენტში ეს საკითხი ჩავარდა და გაუგებარია, როგორ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოს წინააღმდეგ წასვლა?!
3. ვსაუბრობთ, რომ არ გვჭირდება ძალად გაწვეული ჯარისკაცები. თუ ბევრია მოხალისე, გავიწვიოთ მოხალისეები. რა საჭიროა ამისათვის ვალდებულების გაუქმება? იქნებ და დაგვ ჭირდეს, რა უნდა ვქნათ?
4. სამინისტრო საუბრობს, რომ ვადიანი მოსამსახურის შენახვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საკონტრაქტოსი. ეს ასე არაა და ამაზე მთელი მსოფლიოა შეთანხმებული. ვინ თქვა, რომ საკონტრაქტო სამსახურში მოსამსახურეს ერთხელ ვამზადებთ და შემდეგ ის 4 წელი მ სახურობს? ეს შეცდომაა. მას ვამზადებთ და შემდეგ ის 4 წელი მუდმივ ინტენსიურ წვრთნას გადის. აღარ ჩავუღრმავდები.
5. საუბრობენ, რომ ვადიანი მოსამსახურე დაკავებულია სამეურნეო საქმიანობით და საყარაულო სამსახურით. რატომ? დღეს ხომ აღარაა იმის პრობლემა, რომ სამეურნეო საქმიანობაზე ჯარისკაცები მოვწყვიტოთ? ნუ დავაკავებთ ცოცხით და დავაკავოთ იარაღისთ, წვრთნებით, სწავლებებით, საბრძოლო მომზადებით და 1 წლის შემდეგ ჩავრიცხოთ რეზერვში. თუ მოისურვებს, დავტოვოთ საკონტრაქტტო სამსახურში. რაც შეეხება საყარაულო სამსახურს, ის არმიის მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. სხვათაშორის, ჩვენი არმია ავღანეთში საყარაულო სამსახურითაა დაკავებული, – ძირითადი ამოცანა ბაზის დაცვაა.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ, ქართული არმიის ვეტერანებს, თადარიგის ოფიცრებს და გენერლებს ეს საკითხი არ გვეხება და არ უნდა განიხილოთ ჩვენთან ერთად, ცდება. ცუდბედობის ჟამს ჩვენ ხომ ერთად უნდა ვიბრძოლოთ? ჩვენ ვერასდროს ჩავთვლით თავს ჩვენს ქვეყანაში და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების მიღმა.
ამირან სალუქვაძე
ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში
ბრიგადის გენერალი
27 ივნისი, 2016 წელი

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხის განხილვა ნატო-ს კონტექსტში მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი: აფხაზეთი თქვენთვისაა ოკუპირებული, ჩვენთვის აფხაზეთი რესპუბლიკაა