“კი, მე მონა ვარ, ოღონდ ღვთისა,” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი “პირველებთან” mona.ge-ს პლატფორმაზე მისი მონაცემების განთავსებას.
“პირველებთან” სატელეფონო ინტერვიუში ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სერიოზულად არ აღიქვამს ხოშტარია-ჯაფარიძის მიერ მის ხელისუფლების დავალებების შემსრულებლად მოხსენიებას და არ გამორიცხავს, რომ მოგვიანებით, პოზიცია შეცვალოს და საგამოძიებო უწყებასაც მიმართოს.
როგორც ზავრადაშვილი ამბობს, საიტზე მისი მონაცემების განთავსება მისთვის მტკივნეული არ არის. “ოცნების” დეპუტატის შეფასებით, “რუსეთის დაქირავებული მონებისგან” არის საიტი შექმნილი.
საიდან დავიწყო შეფასება არ ვიცი. საერთოდ ცხოვრებაში ნაცები რომ არ გლანძღავენ, ე.ი. სწორედ არ ცხოვრობ. რაც შეეხება მონა.ჯი-ს, სერიოზულად ნუ გამაკეთებინებ კომენტარს, რა მონა.ჯი, რის მონა.ჯი.
მართლა რუსეთის დაქირავებული მონებისგან დაქირავებულ საიტზე ჩემი სახელის და გვარის დაწერა ჩემთვის მტკივნეული რატომ უნდა იყოს, მეხუმრებით?
სერიოზულად არც შემიხედავს, კონფერენციაზე ვიყავი და ახალი გაგებული მაქვს, ეს ჩემი ახალი, ძვირადღირებული სტატუსი და ჯერჯერობით, მხოლოდ ვიცინი და ვნახოთ, რა ხასიათზე დავდგები. რეალურად, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა რომ არ გლანძღავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდად ცხოვრობ.
ე.ი. დამაწინაურეს? კოლექტიური ნაცმოძრაობის კრიტერიუმებით დაწინაურებული გამოვდივარ.
სასაცილოა ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ რაკურსით, როცა მართლა რუსეთიდან დაფინანსებული რუსეთის აგენტები მტვირთავენ მონა.ჯი-ში.
კი, მე მონა ვარ, ოღონდ ღვთისა,“ – ამბობს ირმა ზავრადაშვილი.
პლატფორმა MONA.GE სულ 2 კვირაა რაც შეიქმნა. ამ პლატფორმის მიზანია იდენტიფიცირებული იყოს ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსულ საქმეს აკეთებს. ხოშტარია-ჯაფარიძის სიაში “ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” ის დეპუტატები შევიდნენ, რომლებიც მედიაცენზურის შესახებ კანონის ინიციატორები არიან, მათ შორის ზავრადაშვილი.