ხვიჩია – თუ ფარული ჩანაწერების გადაღებაში ვინმეს ბრალი მიუძღვის, მაშინ რატომ გადადგომა? უნდა დავიჭიროთ

gulis eleqsiri

ცინიზმია, როცა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იცავს ეკლესიას და მის ინტერესებს, ერთიც და მეორეც ამ საქმეში არის გარეული დიდი ალბათობით – როგორც გადამღები, ისე გამავრცელებელი, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახლა ამის გამო „ორივე შერცხვენილია და ერთმანეთს აბრალებენ, ვინ უფრო სამარცხვინოა და ვინ მეტი დააშავა ეკლესიასთან“. რაც შეეხება სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს, ხვიჩია მიიჩნევს, რომ თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, მხოლოდ გადადგომა საკმარისი არ იქნება.

„არ მიყვარს მტკიცებულებების გარეშე საუბარი. ჩვენ ჯერ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მასალებია, როდის არის გადაღებული, ატვირთული, ვიღაცის მიერ გამოტანილი. აქ თუ ვინმეს ბრალეულობა არის, უნდა დაისაჯოს, არამხოლოდ თანამდებობიდან გადადგეს. თუ ბრალი მიუძღვის, რატომ გადადგომა? – მაშინ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ თუ დანაშაული არ მიუძღვის, მაშინ გადადგომა რა შუაშია? ამიტომ ჯერ ჩვენ ეს ეტაპი გვაქვს გასარკვევი და შემდეგ უნდა გავარკვიოთ, ვინ უნდა გადადგეს და ვინ უნდა დავიჭიროთ.

როგორც წინა ხელისუფლება მპასუხობს დაბნეულად უაზრობებს, როცა მათ ვეკითხები თავის დროზე მათ მიერ გადაღებულ კადრებზე, ზუსტად ასევე იქცევა ეს ხელისუფლება, როცა საქმე ეხება მათ მიერ გადაღებულ კადრებს. მე არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, რომ ოპოზიციის რომელიმე წევრი რამის გაკეთებას აპირებდეს, მაგრამ მთავარი არასოდეს დაგვავიწყდეს – ეს არის ის, ვინც გადაიღო, ვინც გასცა ამაზე კურთხევა და არასოდეს უნდა აგვერიოს ისინი გამომქვეყნებლებში. გამომქვეყნებლებიც დამნაშავეები არიან, მაგრამ უპირველესი დამნაშავეა გადამღები, მან ეს გადაიღო იმისთვის, რომ ვიღაც დაეშანტაჟებინა ან გამოექვეყნებინა, ახლა შეიძლება სხვა აქვეყნებს, რომელიც ცუდი ადამიანია, მაგრამ არც კი შეედრება მას, ვინც ვიღაცის საძინებელში შევიდა, კამერა დააყენა და აშანტაჟებს,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

წინა სტატიაშისაქსტატი – აგვისტოში საქართველოში საარსებო მინიმუმი გაიზარდა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები უნდა შეასრულოს