ხვიჩია პრეზიდენტზე – არ მგონია, ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი

მე მაქვს იმედი, რომ ის ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს – თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე, არ მგონია, ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თაობაზეც ის გუშინ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, პრეზიდენტი მასთან შეხვედრით თავად დაინტერესდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს.

“პრეზიდენტთან ერთი თემა განვიხილეთ – “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები. ამ ცვლილებებზე მე “ფეისბუქზე” ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო და ამ თემასთან დაკავშiრებით მას სურდა ჩემთან საუბარი, ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი რატომ იყო ეს ცვლილებები საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტიც იყო. პრეზიდენტს შეუძლია ხელმოწერის ნაცვლად, კანონპროექტი უკან დააბრუნოს შენიშვნებით. ჩვენს შეხვედრაზე ამასაც შევეხეთ, მე მქონდა მოსაზრება, თუ როგორი შენიშვნით უნდა იყოს ის უკან დაბრუნებული. პრეზიდენტის განწყობას რაც შეეხება, მე არ ვარ განწყობების სპეციალისტი, რომ ამ საქმეში ღრმად შევიდე, ჩვენ ყველანი ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე საათიც არის დარჩენილი, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე მაქვს იმედი, რომ ის ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე და ამას გამორიცხავს, არ მგონია ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი,”- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიკახეთის პოლიციამ ყვარელში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – ადმინისტრაციული კოდექსში ცვლილებები არ არის ნატო-ს და ევროპის პრაქტიკა, ეს უნდა შეაჩეროს პრეზიდენტმა