ხვიჩია: პრეზიდენტის განცხადების გამო უხერხულობა ვიგრძენი

“უხერხულობა ვიგრძენი, ეს არის შეფასება”, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

„პრეზიდენტთან არ მისაუბრია, ცხადია, მაგრამ ძალიან უხერხული იყო ამხელა ამბის ატეხვის მერე საზოგადოებისთვის იმედის გაცრუება. პრეზიდენტი თუ არ აპირებდა ვეტოს დადებას, მაშინაც კი, თუ ის არგუმენტებს გაიგებდა, გაიზიარებდა ოპოზიციის არგუმენტებს, საერთოდ რა საჭირო იყო ამ პროცედურის დაწყება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, მომავალ კვირაში დაარეგისტრირებენ თავიანთ კანონპროექტს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების გაუქმების შესახებ. შეკითხვაზე, ხომ არ შეუერთდებიან ვაშაძეს, ხვიჩიამ აღნიშნა: „არ გვიფიქრია. ჩვენ გვინდა, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელსაც შედეგი მოჰყვება. თუ დავიჯერებთ, რომ ამას შედეგი მოჰყვება, შევუერთდებით, მაგრამ თუ არ დავიჯერებთ, რა აზრი აქვს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღეს, 7 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს.

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერი: ჰოლოკოსტის გააზრება უნდა გავაგრძელოთ
შემდეგი სტატიაAmnesty-მ ნავალნის სინდისის პატიმრის სტატუსი დაუბრუნა