ხვიჩია პარლამენტზე: ვერ გამოვრიცხავ, აქ ყოფნა ვინმეს მოსწყინდეს

ეს ისეთი პარლამენტია, ვერ გამოვრიცხავ, რომ აქ ყოფნა ვინმეს მოსწყინდეს და აქედან წასვლა უნდოდეს. შესაბამისად, კრიტიკაც ჩემთვის კომფორტული არ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ამ პარლამენტს სხვა სახის პრობლემები აქვს, ამაში დამნაშავეა, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“. ის, რაც ამ ორი პარტიის მოქმედებების შედეგად დარჩა, არ არის ისეთი სახალისო და გამომწვევი, რის გამოც შეიძლებოდა, ხაზარაძე პარლამენტში შემოსულიყო. მგონია, რომ ახლა აკლია არგუმენტაცია, რას უკავშირდება მისი გადაწყვეტილება. თუ გინდა, საქმე კარგად გამოგივიდეს, ხალისით უნდა აკეთო და ის, რომ დეპუტატები ხალისით არ მუშაობენ, ხან ბოიკოტია, ხან რაღაც არის, ყველას გვაზიანებს და მუშაობის მოტივაციას არ გაძლევს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ციხეში ჯდომამ თავისი თავი ამოწურა და „ქართულ ოცნებას“ ის შედეგი მიაღებინა, რაც უნდოდა.

„არ ვიცი, რასთან დაკავშირებით არის აქცია. ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. თქვენ იცით, ჩემი პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მეც არ მომწონს. მგონი, ამ ილეთმა უკვე თავისი თავი ამოწურა და მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გააგზავნონ. ამის შემდეგ აქციაზე მისვლის რა არგუმენტი იქნება, ერთად მოვისმინოთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა მიმართულია სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რაც სწორი სტრატეგია მგონია. არ ვუშვებ იმას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მოვუწოდებ, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გააგზავნონ. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომამ თავისი თავი ამოწურა, „ქართულ ოცნებას“ ის შედეგი მიაღებინა, რაც უნდოდა. აწი, დანარჩენ პერიოდში მის ციხეში ყოფნას არანაირი ელექტორული მნიშვნელობა არ აქვს, სჯობს, აღარ აწვალონ, პარტიასთან შეთანხმება შეასრულონ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ დროზე გაუშვან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანის ქუჩაზე ჩინელი ქალი მოკლეს
შემდეგი სტატიავოლსკი – სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს და თავი დაანებოს ოპოზიციური პარტიების შანტაჟს