ნიკა მელიასგან უფრო მკაფიოობას ველოდებოდი, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მელიამ აღნიშნა, რომ „დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ზაზა გოროზიას „ნაციონალურ მოძრაობაში“, ფულის შოვნის გარდა, არაფერი უნდათ, გოროზია ფრიდონ ინჯიას უახლოესი მოკავშირეა“.
„კეზერაშვილისა და მერაბიშვილის „ნაცმოძრაობაში“ ფულის გამო ყოფნაზე საუბარი თუ ნიშნავს, რომ „ქოცებთან“ არიან შეკრული და ფულს ელოდებიან, ეს ალბათ პირდაპირ უნდა ითქვას. კეზერაშვილს იმდენი ფული მაინც აქვს, მცირე თანხაზე არ გადახურდავდეს.
საუბარი თუ არის იმაზე, რომ კეზერაშვილს კიდევ მეტი ფული უნდა, ამის არგუმენტები და ფაქტები უნდა იყოს. სიმართლე გითხრათ, მელია ახლა რატომ საუბრობს ამაზე? რა მოხდა ისეთი, რაზეც ახლა საუბრობს და არა მანამდე, როცა ახლა ცოტა უბრად არიან ერთმანეთთან. ლოგიკური იქნებოდა, ვაშაძე ხაბეიშვილს მიეყვანა, რადგან თანაგუნდელები იყვნენ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
ამასთან, „გირჩის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას იმ განცხადებაზეც, სადაც მელიამ გიორგი ვაშაძის კანდიდატურაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშაძის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარმა გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ უფრო გახლიჩა.
„რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატს, როცა ასეთ პოზიციაზე მოთამაშე აგყავს, ან უკვე სუპერ ვარსკვლავი უნდა მოიყვანო, ან ნიჭიერი ახალგაზრდა, ვაშაძე რომელში ეწერა, არ ვიცი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.