ხვიჩია – მინდა, რომ ნიკა მელია იყოს ამ დარბაზში, მინდა, ეს ნამდვილად პარლამენტი იყოს

“მე მინდა, რომ ამ შეთანხმებამ იმედი არ გაუცრუოს საზოგადოებას და მართლა შევრიგდეთ. მე მინდა, რომ მალე იყოს ნიკა მელია აქ და მზად ვარ ეს პროცესი ჩვენი შერიგებით დაიწყოს. მე მინდა რომ ამ დარბაზში მსხდომი ხალხი მომავალში, სანამ ერთმანეთის დაჭერაზე კურთხევას გავცემთ, დავფიქრდეთ, რომ არ გამოგვივიდეს ისე, რომ მოყვასს გავუკეთოთ ის, რაც არ გვინდა, რომ ჩვენ გაგვიკეთონ. მე მინდა, რომ ამ დარბაზში კეთდებოდეს რეალური პოლიტიკა და ეს ნამდვილად იყოს პარლამენტი.

დიდი ხანია ეს შენობა არ ყოფილა იმ გაგებით პარლამენტი, როგორიც მე წარმომიდგენია. მე მინდა, რომ ჩენ შევძლოთ ერთმანეთის მიერ წარმოთქმული საღი აზრის დანახვა და უარი არ ვთქვათ მასზე, მიუხედავდ იმისა, თუ ვის თავში დაიბადა ის. მე მინდა, რომ ერთმანეთს არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, მაგრამ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ ყველაფერზე რაც მართლა გვაწუხებს ჩვენ და ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, არ შეიძლება ადამიანურობაზე უარის თქმა. მე მინდა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ ისხდნენ ციხეში. ეს უბრალოდ საშინელებაა და მინდა, მომავალში მომისმინოთ, თუ რატომ მგონია ნარკოტიკების მომხმარებლები უდანაშაულოები, სისხლის სამართლის მიზნებისთვის, რასაკვირველია. მინდა, ახალი ქართული მართლმსაჯულების სისტემა, საბჭოთა სისტემის ნაცვლად. მინდა თავისუფალი სკოლა, სადაც მოსწავლე დიდების თანასწორი ადამიანია და მას არ უყურებენ როგორც უუფლებოს.

ბოლოს, ძალიან მინდა, რომ ისე როგორც დღეს გადავდგით ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ისე გადავდგათ ნაბიჯი ეკონომიკური კრიზისის განსამუხტავადაც. ეკონომიკას არაფერი ეშველება მანამ, სანამ ადამიანები ჩაკეტილები არიან და მათ ერთმანეთთან ურთიერთობას ვუკრძალავთ. ამიტომ, თუ გვინდა, რომ დავრესტარტდეთ ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ და ქვეყანა უნდა გავხსნათ. ჩემი სურვილების სანაცვლოდ, პირველ დათმობაზე, რომ მე თვითონ წავიდე, მოგეხსენებათ ჩვენ “გირჩის” წარმომადგენლები არ ვატარებთ პირბადეს არც ამ დარბაზში და არც არსად, ამ გამოსვლის მერე ჩვენ ვწყვეტთ ამ დაუმორჩილებლობას”- ამბობს, “გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიზილფიმიანი – იმედს ვიტოვებ, გარეთ დარჩენილ ოპოზიციასაც მალე ვიხილავთ პარლამენტში
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ყველა, ვინც დღეს შარლ მიშელის შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია