გახარიას ადგილას ხელს ჯერ არ ჩავიქნევდი, გახარიასა და ხაზარაძეს მობოდიშებების ეტაპი აქვთ გასავლელი, მხარეებს ცოტა დათმობები დასჭირდებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს კოალიციაც შედგება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში პრინციპი მარტო „გირჩს“ აქვს.
გახარიას ადგილას ხელს ჯერ არ ჩავიქნევდი, ეს პოლიტიკური ფლირტია, რომელიც ბოლომდე არ მისულა. მოგეხსენებათ, ფლირტის დროს ზოგჯერ ერთი მხარე პრეტენზიულია. მგონი, ეს ეტაპი აქვთ გასავლელი გახარიასა და ხაზარაძეს – ძველი მობოდიშებების და ასე შემდეგ. ვინაიდან ვიცი, რომ ფული ბევრს ნიშნავს პოლიტიკაში და ხედავთ, რომ ბანკირების პარტიას პანტაპუნტით უერთდებიან მემარცხენეები, ლამისაა სოციალისტურ პარტიად ჩამოყალიბდეს, მიმაჩნია, რომ გახარიასაც ბევრი დაბრკოლება არ უდგას წინ, ერთი ბოდიში აქვს მოსახდელი. ახლა ფულის გამო რას არ იზამს ხალხი. ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ფულის ორი წყაროა – კეზერაშვილი და ხაზარაძე. შესაბამისად, პარტიები, რომლებიც არჩევნებზე ფულის იმედად აპირებენ გასვლას, ხაზარაძე მათთვის საინტერესო მოთამაშეა. ხაზარაძესაც სჭირდება სხვა ადამიანები და პარტიები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფული აქვს, რეპუტაცია არ უვარგა და ბარიერის გადალახვის საფრთხე მაინც ემუქრება. ამიტომ საჭიროა, მანაც მოაგროვოს პოლიტიკოსების კოლექცია, როგორც „ახლები“, „ნაცები“ აგროვებენ და ამ მოგროვებული კოლექციით წარდგეს არჩევნებზე. ამისთვის არის საჭირო, ასე ვთქვათ, პროქსი პარტიების შექმნა, რადგან არანაირი „თავისუფლების მოედანი“ ბუნებაში არ არსებობს. ეს უბრალოდ „ლელოსთან“ შეერთების წინარე გაჩერება იყო ბევრი ადამიანისთვის. მგონი, გახარიასაც უდგას ეს წინარე ეტაპი „ლელოსთან“ მიერთების თუ „ლელოსთან“ თანამშრომლობის, მაგრამ არსებობს რაღაც გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც კომპლექსების, თუ რაღაცის გამო ჯერ ჭირს. ფული ჯოჯოხეთსაც ანათებსო და მგონი, საბოლოო ჯამში, ეს კოალიციაც შედგება. მხარეებს ცოტა დათმობები დასჭირდებათ, მაგრამ არაუშავთ.
ამ პოლიტიკურ სპექტრში პრინციპი მარტო „გირჩს“ აქვს, ქართველმა მაყურებელმა კარგად იცის, დანარჩენი პოლიტიკური ძალები ვინ, ვისთან, როდის და რამდენჯერ არის ნამყოფი და ახლა ეს მორიდება ცოტა უცნაურად გამოიყურება. მოგეხსენებათ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისეთი მორიდებული არავინ არის, ერთ-ორ კოალიციაში მაინც არ იყოს ნამყოფი ყოველგვარი პრინციპებისგან თავისუფლად. ვნახოთ, მაინც მგონია, რომ ეს ერთგვარი ფლირტია, რომელიც, საბოლოო ჯამში, ბედნიერი პოლიტიკური ქორწინებით დასრულდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.