ხვიჩია – ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები

ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ამის აღმოფხვრის მთავარი წესია არჩევნები, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის ორგანიზატორების მოთხოვნები არარეალურია.

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მათ მოთხოვნებს ვუერთდებოდეთ, რადგან დაყენებული მოთხოვნები არარეალურია. აქციის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, ეს მოთხოვნები შეცვალონ და მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები და მანამდე მოითხოვონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რათა აზრი ჰქონდეს რიგგარეშე არჩევნებს. არ ვიცი, ეს მოთხოვნები სპეციალურად არის დაყენებული, რომ ადამიანებმა გული აიცრუონ, თუ ასეთი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოთხოვნების ასე დიდი ხნის განმავლობაში დატოვება არ შეიძლება. ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი და ამის აღმოფხვრის მთავარი წესია არჩევნები.

30 წელია, ეროვნული მთავრობის თანხმობა არ გვაქვს და თურმე, არასამთავრობო სექტორს ჰქონია პასუხი კითხვაზე, ვინ იქნება საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს იდეალური მთავრობა და გვისახელებენ ხან ერთ გვარს, ხან მეორეს და ამ ფონზე ადამიანები ვერ ერკვევიან, ეს ხალხი რას შვება და რა მოთხოვნებია ეს. „ქართული ოცნება“ იმაზე წამოვა, რასაც ქართველი ხალხი აიძულებს, უბრალოდ, ქართველი ხალხი არ წამოვა იმაზე, რასაც აქციის ორგანიზატორები სთავაზობენ, შესაბამისად, მთავრობაზე ვერანაირი წნეხი ვერ იქნება. „ენჯეოშნიკები“ რომ მოიყვანონ მთავრობაში, მაგისთვის ხომ არ გამოვლენ, ადამიანებისთვის რა იცვლება ამ ყველაფრის შედეგად? – ეს ამ მოთხოვნებში არ ჩანს და არც გამოჩნდება, რადგან ეს მოთხოვნები არ არის მიდრეკილი იმისთვის, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. პატივმოყვარეობა რომ გაუმჯობესდეს არასამთავრობო სექტორის და რამდენიმე აქტივისტის, ამაზეა გათვლილი და ეს ამბავი ასე არ გამოვა. პარტიები მოგვწონს თუ არა, პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და კონსტიტუციის მიხედვით, ლეგიტიმაცია ასე დგება, არასამთავრობო ორგანიზაციას საიდან მოაქვს ეს ლეგიტიმაცია? ვინაიდან, „სირცხვილიამ“ თქვა, ეს ხალხი კაი ხალხია და მთავრობას დააკომპლექტებენო, ეს არის ლეგიტიმაცია?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით
შემდეგი სტატიაეკონომიკის მინისტრი ბათუმში სანქცირებული რუსული ტვირთს შემოსვლას ადასტურებს