ხვიჩია – დავაში „ქართული ოცნება“ მართალი თუ აღმოჩნდა, რა არგუმენტი რჩება, რომ პარლამენტში არ შეხვიდე?

ჯერჯერობით ველოდებით ჩვენი მეგობრების შეფასებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ისინი ჩართული იყვნენ, რათა დაახლოებით წარმოდგენა გვქონდეს, როგორ უყურებენ ისინი ამ ამბავს. ამის შემდეგ ცხადია, დაველაპარაკებით „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს ვითარებაში გასარკვევად იწყებენ.

„მათგან გვაინტერესებს, რა იყო ის საბოლოო ვერსია, რაზეც ისინი წამსვლელები იყვნენ ოპოზიციასთან, სიტყვაზე, ოპოზიცია რომ პატიოსნად მოქცეულიყო და მოლაპარაკებებისთვის ყოფილიყო მზად. კონსულტაციებს სიტუაციის გასარკვევად ვიწყებთ.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის შესაძლო შეთანხმების ჩაშლის მხარე, უნდა გავარკვიოთ მტყუან-მართალი. მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ ამ საკითხში, არჩევნების გაყალბება-არგაყალბების შემდეგ, მოლაპარაკებების ნაწილში მტყუანი არის ხელისუფლება ან ოპოზიცია, ეს უნდა გავიგოთ, რათა მტყუანის მხარეს არ აღმოვჩნდეთ. თუ დავინახავთ, რომ ამ პროცესში „ქართული ოცნება“ უფრო მართალია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა შეგვეძლოს ამის აღქმა, დასაბუთება ადამიანებისთვის. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე: „ამაზე ხომ არ იქნება დამოკიდებული თქვენი პარლამენტში შესვლა“, ხვიჩიამ განაცხადა, რომ თუკი ამ დავაში „ქართული ოცნება“ მართალი აღმოჩნდა, მაშინ პარლამენტში არშესვლისთვის არგუმენტი აღარ დარჩება.

„თუ ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ მართალია ოპოზიციასთან არჩევნების გაყალბება-არგაყალბებისა და შემდგომ პროცესებში, მაშინ არგუმენტი არ რჩება, რატომ არ შედიხარ პარლამენტში. „ქართული ოცნება“ თუ მართალი აღმოჩნდა ამ დავაში, რა არგუმენტი რჩება, რომ პარლამენტში არ შეხვიდე, უბრალოდ ჯერ შორია აქამდე. ეს საკითხი გასარკვევია, მოსახლეობამ ჯერ კიდევ არ იცის, ვის გამო ჩაიშალა მოლაპარაკება. ეს უნდა გავარკვიოთ და ვისი გამოც ჩაიშალა მოლაპარაკება, იმის მხარეს უბრალოდ ვერ ვიქნებით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიოჯახი გარდაცვლილ ექთანზე – რა დამალევინეს ესეთი წამალიო, ზუსტად ეს სიტყვები მე მითხრა
შემდეგი სტატიაექსპერტები – ნაპრალები გაზრდილია და გაჩენილია ახალი ბზარები