ხვიჩია – ჩვენ ყველგან მივიღებთ მონაწილეობას, რათა დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რომ რაღაც ჰქონდათ შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი უკრა

ჩვენ ყველგან მივიღებთ მონაწილეობას მინიმუმ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა პროცესია ეს და „ქართულ ოცნებას“ არ ვათქმევინოთ, რომ რაღაც ჰქონდათ შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი უკრა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „გირჩი” მონაწილეობას მიიღებს ყველა ფორმატში, იქნება ეს “ქართული ოცნების” დაანონსებული სამუშაო ჯგუფების შექმნა თუ მათი 12- პუნქტიანი გეგმის კომიტეტებში განხილვა. მისი თქმით, ის ასევე აპირებს კომუნიკაციას ოპოზიციასთან. ხვიჩია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია და რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც მხარს დაუჭერს.

“კომიტეტებზე ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და ჩვენც აქამდეც დავდიოდით. ვფიქრობ, ამ მოსმენებს ოპოზიცია უნდა დაესწროს, მეც უნდა დავესწრო და სხვებიც. უნდა გავიგოთ მართლა რა უნდა “ქართულ ოცნებას”, რა არის შემოთავაზება, რასაც აკეთებენ და რამდენად აქვს კავშირი მას ევროინტეგრაციასთან. ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მოვუყვეთ, რასაც ვაკეთებთ “ქართულ ოცნებასთან,” ეს გვეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე თუ ფორმალურად არის გაკეთებული იმისთვის, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაღაც პროცესი შექმნას. ჩვენ ყველგან მივიღებთ მონაწილეობას მინიმუმ იმისთვის, რომ დავინახოთ, რა პროცესია ეს და “ქართულ ოცნებას” არ ვათქმევინოთ, რომ რაღაც გვქონდა შეთავაზებული და ოპოზიციამ ხელი გვიკრა, პარალელურ რეჟიმში ველაპარაკებით ოპოზიციას იმაზე, თუ რა იქნება მათი აზრით პოლარიზაციის დამამთავრებელი, როდის შეწყვეტს ჩხუბს, რა უნდა გააკეთოს ამისთვის ხელისუფლებამ და რა უნდა მოხდეს, რადგან მიგვაჩნია, რომ მთავარი შემაფერხებელი ევროინტეგრაციის პროცესისა არის ჩვენი ჩხუბი, პოლარიზაცია, რაზეც მოდის შენიშვნების დიდი ნაწილი, დეოლიგარქიზაციაც შენიშვნების ეს ნაწილია. შესაბამისად, გვინდა ოპოზიციის მხრიდან დავინახოთ, რა არის ის, რის გამოც ისინი ჩხუბს შეწყვეტენ, მერე დავაკვირდეთ ხელისუფლების ნაბიჯებს, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვინ ჩაშლის ამ პროცესებს,”- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინულმა ძალებმა ომის დაწყებიდან 36 350 რუსი სამხედრო მოკლეს
შემდეგი სტატიაშვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს