ხვიჩია – აქციის მთავარი პრობლემა უიდეობაა – პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩაიკეტოს ერთი თვე სადღაც, გარედან უნდა გადავკეტოთ კარი და ვთქვათ, რომ ვიდრე არ შევთანხმდებით, არ გამოვალთ

აქციაზე, როგორც მოქალაქეები, მივდივართ – აქციის მთავარი პრობლემა უიდეობაა – სათქმელი რომ არაფერი გაქვს და გადადებ, ერთ კვირაში მოდიო, სანამ ეს პრობლემაა, ერთადერთი გამოსავალია, რომ ქართველი ხალხის ნებამ აჯობოს აქციის ორგანიზატორების ნებას, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აქციას “გირჩის” წევრები როგორც მოქალაქეები დაესწრებიან და არა როგორც აქციაზე პასუხისმგებელი პირები. მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს, რის გაკეთება სურს “ქართული ოცნების” მმართველობის შემდეგ, სხვანაირად გამოდის, რომ ხალხს “უპარაშუტოდ გადახტომას” სთავაზობს.

“ჩემი აზრით, პოლიტიკური სპექტრი უნდა ჩაიკეტოს ერთი თვე სადღაც, გარედან უნდა გადავკეტოთ კარი, შიგნით დავსხდეთ და ვთქვათ, რომ სანამ არ შევთანხმდებით, აქედან არ გამოვალთ, უნდა ითქვას, ვის რა უნდა ამ ქვეყანაში. როცა დავინახავთ გულწრფელად და კონკრეტულად რა უნდათ, ჩამოყალიბდება გეგმა, როგორი საქართველო უნდა პოლიტიკურ სპექტრს “ქართული ოცნების” მმართველობის მერე, ეს გასაკეთებელია და ამის გარეშე წარმატების ნაკლებად მჯერა. თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ქართველ ხალხს ვეუბნებით, რომ მოდით გადავხტეთ უპარაშუტოდ და გზაზე ვიშოვით პარაშუტს, მე არ მჯერა, რომ ასე გამოგვყვება ვინმე გზაზე უპარაშუტოდ,”- განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირის გუშინდელი გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ არავის სხვისი ბრალი არ არის, გარდა საკუთარი თავისა, ამიტომ პრობლემებიც საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და ეს პრობლემაა ის, ქვეყანა ერთი კაცის ჭკუაზე დადის.

“ეს გადაწყვეტილება ერთვარი შანსიც არის ჩვენთვის, რომ გონს მოვეგოთ, აზრზე მოვიდეთ და თვალი გავუსწოროთ საკუთარ პრობლემას, რომელიც შიგნიდან გვჭამს უკვე მინიმუმ 30 წელია, მანამდე უბრალოდ მონობაში ვცხოვრიბდით და ეს სხვა საკითხია, მაგრამ მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფერი შევცვალეთ, ერთი კაცის ჭკუაზე დავდივართ, რაც შეუთავსებელია ევროპულ გზაზე. არანაიდი იმედი არ მაქვს რომ შესრულდება პირობები, არ მგონია, რომ საერთოდ ქართული ოცნება ნერვიულობს დასავლურ გზაზე, გზავნილები და პუნქტები, რომელიც გვითხრეს, მგონია, რომ არ არის მიმართული იმისკენ, რომ ქართულმა ოცნებამ შეასრულოს, მას ამის რესურსი არ აქვს, ეს არის მიმართვა ქართველი ხალხისკენ, რომელსაც ეუბნებიან, რომ თქცენი ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია მანამ, სანამ ერთპიროვნულად იმართებით. ეს არის განაჩენი, რომელიც გამოგვიტანეს და თვაკი უნდა გავუსწოროთ ამ რეალობას, პრობლემები ვეძებოთ საკუთარ თავში,”- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშივიოლა ფონ კრამონი – იმედი მაქვს, 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ – „ქართულო ოცნება“, ბურთი თქვენს მოედანზეა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირი მიერ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი