„ყველგან გავბედავთ აქციის მოწყობას, სადაც ხელისუფლება მოლხენას დააპირებს“

„ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ქეიფი ჩავაშხამეთ“

გასულ წელს შრომით, ინტრიგებით და ოპოზიციასთან ბრძოლით დამაშვრალმა „ქართულმა ოცნებამ“ ნაახალწლევს ქეიფი გადაწყვიტა. მეოცნებეები ბიძინა ივანიშვილის თამადობით, 4 იანვარს, მცხეთაში რესტორან „მარანში“ შეიყარნენ. მოქეიფეთა შორის ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარებიც იყვნენ. ეს ამბავი მალევე გასკდა და ოპოზიციაც გადავიდა მოქმედებაზე. საქეიფო ხასიათზე მყოფი ხელისუფლების აწიოკება მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა გადაწყვიტეს. „გაბედეს“ მცხეთაში ცუდად აქვს აქციის მოწყობა დაცდილი. რამდენიმე კვირის წინ, ამ ორგანიზაციამ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარის ბიუროსთან მოაწყო აქცია. ახალგაზრდებს ხუნდაძემ ზონდერები მიუსია. „გაბედეს“ რამდენიმე წევრი საავადმყოფოში მოხვდა.

რატომ გადაწყვიტეს ხელისუფლებისთვის ვახშამის ჩაშხამება, რა უპასუხა დიმიტრი ხუნდაძემ მათ როცა თეფშით ერთი ლარი და თვრამეტი თეთრი მიუტანეს, როგორ გაიპარნენ მეოცნებეები? -ამის შესახებ „თაიმერს“ „გაბედეს“ წევრი მამუკა ჯუღელი ესაუბრება.

-მამუკა, რატომ გადაწყვიტა მოძრაობა „გაბედემ“ რესტორანში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის აქცია მოეწყო?

– ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავბედავთ ხელისუფლებისთვის აქციის მოწყობას. ვერც რეპრესიები, ვერც ანგარიშსწორება ჩვენ ვერ შეგვაშინებს და შესაბამისად ვერ შეგვაჩერებს. როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ რესტორანში აპირებდა მოლხენას, ჩვენ მივედით ამ რესტორანთან და შევეცადეთ მათთვის დისკომფორტი შეგვექმნა. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა, ისინი თავისუფლად ვერ უნდა დადიოდნენ.

-კადრებით ბევრი რამე იკადრეს და განსაკუთრებით უკადრებლად მათი რომელი საქციელი მიგაჩნიათ?

-მათი ყველა ნაბიჯი უკადრებელის კადრებაა.  როდესაც პროპორციულ წესზე გადასვლა ჩააგდეს, გვითხრეს რომ მაჟორიტარი დეპუტატები წავიდნენ ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს ზღაპარი არავის დაუჯერებია, მაგრამ 4 იანვარს ყველა დარწმუნდა რომ ეს იყო ფარსი. ვითომ ამბოხებულები ივანიშვილთან ერთად ისხდნენ სუფრაზე და ქეიფობდნენ. ერთად დასცინოდნენ ხალხს და ერთად გეგმავდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას.

ეს იყო საკმაოდ მდიდრული სუფრა. დარწმუნებული ვარ ბიუჯეტიდან ათეულობით ათასი ლარი დაიხარჯა ამისთვის. ათეულობით ათას ლარს ხარჯავენ ერთ ქეიფში და ამ დროს ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათ დღეში 1. 18 თეთრი უნდა იმყოფინონ საჭმელად. ჩვენ ავიღეთ ლარი და 18 თეთრი დავყარეთ თეფშზე და მივუტანეთ „ოცნების“ წევრებს.

-მოახერხეთ ამ თანხის გადაცემა?

-არ გამოგვართვეს, დაბადებამდე მისვლა შევძელით. დიმიტრი ხუნდაძე შეგვეფეთა რესტორანში რომ შევდიოდით.

-გამოგართვათ ფული?

– არა, მოგცლიათო თქვა და გაიქცა.

-მშვიდობიანად დაშორებულხართ. პირველად „გაბედე“ მასთან აქციის ჩასატარებლად რომ ჩახვედით ზონდერებით დაგხვდათ.

-ახლაც სიამოვნებით დაგვახვედრებდა ზონდერებს. ფიზიკური ანგარიშსწორება ახლა ვერ გაბედეს, მათი თანხმლები პირები სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოიფარგლნენ. ჩვენ ვერც ეს შეგვაშინებს. ჩვენ ყველგან გავბედავთ აქციის მოწყობას, სადაც ამას საჭიროდ ჩათვლით.

-ამ აქციით კმაყოფილი ხართ?

-დიახ.

-ფიქრობთ რომ ჩააშხამეთ „ოცნებას“ ვახშამი?

– ვფიქრობ კი არა, ნამდვილად ჩავაშხამეთ საზეიმო ვახშამი. უნდა გენახათ როგორ ვირთხებივით გაიპარნენ რესტორნიდან, ისევე გაიპარნენ, როგორ ბოლო დროს პარლამენტში შეიპარებიან ხოლმე. „ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ სადაც წავლენ, სადაც მოლხენას გადაწყვეტენ ყველგან გავბედავთ მათთვის აქციის მოწყობას. ისინი კომფორტულად ვეღარ იცხოვრებენ ამ ქვეყანაში.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს 87 წლის იუბილეს ულოცავს
შემდეგი სტატიადმანისში ტაძარს საქონლის სადგომად იყენებენ