“ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის სწორედ ჩვენი ხალხი”- გორში აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს იხსენებენ გორში. ომში დაღუპულთა მემორიალთან ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქვის სტელასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

„დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია დღევანდელი დღე ჩვენი, ყველას ტკივილია, 13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. ყველაზე მეტად ვინც დაზარალდა, ეს არის სწორედ ჩვენი ხალხი, ყველაზე მძიმედ ეს ყველაფერი თავის თავზე ჩვენმა მოსახლეობამ, განსაკუთრებით გორის მოსახლეობამ გადაიტანა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მთელი საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ქვეყნის დეოკუპაცია.

„მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე, სოფელ დიცში და მახსოვს, როგორი მძიმე იყო სოფლის მოსახლეობის ყოფა, მათი განცდები, ემოციები. შემდეგ ერთ-ერთი სოფელი ერედვი, რომელიც, სამწუხაროდ ამ ოკუპაციის შედეგად, ასევე გავიდა ჩვენი კონტროლის ზონიდან, ძალიან კარგად მესმის ეს, ვინაიდან, ბავშვობა ამ სოფელში მაქვს გატარებული. დღევანდელი დღე გვახსენებს იმას, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ერთიანობით, მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ჩვენ რა გზავნილს ვუგზავნით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ხედავენ, რომ ჩვენ ჯერ შიგნით არ ვართ მტკიცედ ჩამოყალიბებული, არ ვდგავართ მტკიცედ და არ ვართ გაერთიანებული, ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. ამ დღეს მაინც, მინდა ვისურვო, ჩვენ ყველანი გავერთიანდეთ, ქედი მოვიხაროთ ჩვენი დაღუპული გმირების, მათი ოჯახების, მათი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – ოკუპაცია დასრულდება და მომავალი თაობები გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის საგარეო უწყება – აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას