ყველაზე ცუდად მართა პანდემია საქართველოში მთავრობამ – რომან გოცირიძე ჯანდაცვის მინისტრს

რომ დაუსვათ მთავრობის მავნებლობასა და არაკომპეტენტურობას დიაგნოზი, რომელ მაგალითს აირჩევდით საქართველოს მთავრობასა და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების საქმიანობიდან? – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს, რომელსაც დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

გოცირიძის თქმით, მთავრობამ პანდემიის პროცესში მთელი კამპანია კანონდარღვევებით აწარმოა და მოქალაქეებს არ აჯარიმებდნენ, რადგან „საარჩევნო ხმებზე ნადირობდნენ“.

„როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გისვამთ შეკითხვას ჯანდაცვის კონტექსტში – რომ დაუსვათ მთავრობის მავნებლობასა და არაკომპეტენტურობას დიაგნოზი, რომელ მაგალითს აირჩევდით საქართველოს მთავრობასა და თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების საქმიანობიდან? მე ვიტყოდი ერთს – 400 ათასი „ფაიზერის“ ვაქცინა როგორ მოახერხეთ, რომ გაანადგურეთ? როგორ მოახერხეთ, რომ ვადა გაუვიდა და 25 მილიონი ლარით აზარალეთ სახელმწიფო? რატომ არ აჩუქეთ ბოლოს და ბოლოს ვინმე სხვას ან აფრიკაში, ან აზიაში, ან მეზობელ სახელმწიფოებში ეს უნიკალური წამალი, რომელიც ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა? ვინ დაისაჯა და ვინ არის ამ ფაქტზე პასუხისმგებელი?

ავტობუსებით ალბათ არ დადიხართ თქვენ, მაგრამ ამ საცობებით გაჭედილ ქალაქში, რომელიც თქვენივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დამსახურებაა, რომ წახვალთ ახლა უკან სახლში, გაიხედეთ მარცხნივ და შეხედეთ ავტობუსში რამდენს უკეთია პირბადე. რატომ ნერგავთ სამართლებრივ ნიჰილიზმს? რატომ აჩვევთ ადამიანებს კანონის დარღვევას? თქვენი „ანტივაქსერი“ მთავრობის შედეგია ის, რომ 16 800 ადამიანი მოკვდა. მთელი ეს კამპანია პანდემიის პროცესში კანონდარღვევებით აწარმოეთ, არ აჯარიმებდით იმის გამო, რომ საარჩევნო ხმებზე ნადირობდით. თუ არ შეგიძლიათ მართვა და თუ მართლა უნიათოები გქვიათ, რომელსაც გეძახდნენ ადრე, გააუქმეთ ეს და იცოდეს იმ ადამიანმა, რომ არ არის პირბადის ტარება საჭირო და კანონს მაინც ვცემთ პასუხს. და ბოლოს, ყველაზე ცუდად მართა პანდემია საქართველოში მთავრობამ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროცენტი იყო ჰოსპიტალიზაციის, სანამ „ომიკრონის“ შტამი შემოვიდოდა ყოველი ინფიცირებული 10-დან 2 კლინიკაში ხვდებოდა და ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. რამდენი ჯდებოდა ერთი ადამიანის მკურნალობა სტაციონარში და რა დაუჯდა ეს ქვეყანას?“, – აღნიშნა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში14-15 მაისს, თიბისი კონცეპტი და They Said Books წარმოგიდგენთ რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას
შემდეგი სტატიაუკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან რუსული კა-52 ჩამოაგდეს