ყველაზე აქტიური დეპუტატები პარლამენტში – “გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოავლინა იმ დეპუტატთა ათეული, ვინც პარლამენტში 2018 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად აქტიურობდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ტრიბუნიდან განცხადებებს ყველაზე ხშირად ეკა ბესელია აკეთებდა, მას შემდეგ კი, რაც მან მმართველი გუნდი დემარშით დატოვა, საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველაზე აქტიური ანრი ოხანაშვილია.

„თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი საქმიანობა ემსახურებოდეს ამ ქვეყანაში პარლამენტის გაძლიერებით მოქალაქეების უფლებების დაცვას. წლიდან წლამდე ტენდენციებს, რასაც ვხედავთ, ჩემ მაგალითზე, მე ამ მხრივ, გათამამებული ვარ კარგი შეფასებებით, იმიტომ, რომ ყოველ წელს ვიღებდი ამ პრიზს, როგორც ყველაზე აქტიური დეპუტატის და ბევრ პარამეტრში კარგი მაჩვენებლის, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის საკმარისი. ჩემთვის გამოწვევაა ის, როდესაც ვხედავთ პარლამენტს არ აქვს ის საკმარისი ნდობა და პარლამენტარებს ყველას არა, მაგრამ ბევრს აკლია აქტიურობა, საკანონმდებლო მუშაობაში სრულფასოვანი ჩართვა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 2018 წელს საპარლამენტო უმცირესობიდან ყველაზე აქტიური იყო „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„თითოეული დეპუტატის აქტიურობას მაშინ აქვს აზრი, როდესაც პარლამენტის დებატები გადაქცეულია იდეების სამსჯავროდ. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას ათეულობით ღილაკზე თითის მიმჭერი დეპუტატი ჰყავს, დეპუტატის აქტიურობა აზრს კარგავს. სწორედ იმიტომაც გვინდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, სადაც პოლიტიკურ ძალთა ბალანსი იქნება პარლამენტში, რომ უკვე არგუმენტს, სტატისტიკას, დებატს ჰქონდეს აზრი იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„სადეპუტატო აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საკანონმდებლო საქმიანობაზე, არა მხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობაზე, ასევე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩვენ მრავალ შემთხვევაში ხელი შეგვიშლია ცუდი და მავნებლური გადაწყვტილების მიღებისთვის, ბევრი კანონი დაგვიბლოკავს, გარდა ამისა, ხელი შეგვიწყვია, ბიძგი მიგვიცია იმ კანონების ინიცირებაში, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა სიკეთეები, მაგრამ მთლიანობაში უმრავლესობის პრინციპი იყო ასეთი, რაც არ უნდა კარგი საკანონმდებლო ინიციატივა ყოფილიყო წარდგენილი ოპოზიციის მხრიდან. პირადად მე 10 კანონპროექტი წარვადგინე და ათივე ჩააგდეს, მაგრამ აქედან ზოგიერთებმა ორი-სამი თვის შემდეგ, რაღაც გადააკეთეს და რაც აუცილებელი იყო და პოპულარობას მოუტანდა, მაინც გაიტანეს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„გამჭვირვალობა საქართველომ“ ასევე გამოაქვეყნა იმ დეპუტატების მონაცემები, ვინც ყველაზე ხშირად მიმართა უწყებებს წერილით ან ინფორმაცია გამოითხოვა. ხუთეულში მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოხვდნენ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მეტრეველი: მინისტრმა გახარიამ გუშინ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სახელმწიფოს ინტერესების დაცვაც შეუძლია, საკუთარი თანამშრომლებისაც და არც პასუხისმგებლობას გაექცევა
შემდეგი სტატიათელაველი და გურჯაანელი მევენახეები ნიკა გვარამიას განცხადებას აპროტესტებენ