,,ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად აფასებენ”

ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად აფასებენ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკელების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა.

„მრავალპარტიულობა სწორედ იმას ნიშნავს, სხვადასხვა პარტიებს სხვადასხვა პოზიციები რომ აღმოაჩნდებათ ხოლმე. ტოტალიტარიზმია ის, როდესაც ერთი პარტია ყველას ჭკუას ასწავლის და ეუბნება, როდის საით უნდა წავიდეს. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას ქვეყნის საკეთილდღეოდ, მჯერა, რომ ამ ქვეყნაში გაცილებით მეტია პოლიტიკოსი, ვისაც ქვეყნის წარმატება უნდა, პოლიტიკოსებმა ყველგან, ვისაც სად რა შეგვიძლია, უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ქვეყანა კონსტიტუციური განვითარების გზიდან არ გადავიდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის სიყვარულით ცდილობენ რაიმე ნაბიჯის გადადგმას, კრიტიკის ღირსი არ არიან.

„ჩემი პოზიციაა, რომ ამ არჩევნებში არავის ვუჭერ მხარს, რადგან არცერთი იმსახურებს ამას და იმაზე ვფიქრობ, ქვეყანა როგორ გადავარჩინოთ. იმ კრიზისს, რომელიც მას ელის მეორე ტურის ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პოზიცია და ჩემი პოლიტიკური აზრი ამას უკავშირდება. ამასობაში, ყველა, ვინც მოღალატეს უწოდებს ამა თუ იმ მხარეს დამდგარ ადამიანს, არის ამ ქვეყნისთვის დიდი ხიფათის მომტანი. ყველა, ვინც ადამიანს უწუნებს სამშობლოს სიყვარულს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ან ის კანდიდატი მოსწონს, ზიანს აყენებს ქვეყანას. მე ჩემი პოზიცია გამოვაცხადე და ვთქვი, რომ ამ არჩევნებში ორივე კანდიდატმა დაგვიდასტურა, რომ საზოგადოების შემდგომ გაყოფას შეუწყობენ ხელს. ამ პროცესში ყველამ უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი, მაგრამ მე ყველას მივმართავ, თავი შეიკავონ ტოტალიტარული აზროვნებისგან, როდესაც სხვის პოზიციას მოღალატეობრივად აფასებენ და ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ქურდობა ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიასადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს