„ყველას გვაქვს კაბინეტში პრინტერი, შეგვიძლია ამობეჭდვა” – ირაკლი კობახიძე TBC-ის საქმესა და მუქარის შემცველ წერილზე

არასერიოზულია საუბარი წერილზე, როდესაც შემდეგ ბეჭდავ ამას ქსეროქსის აპარატზე,“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე იმ სკანდალურ წერილს, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა.

ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ მსგავსი ტექსტის ამობეჭდვა ყველას შეუძლია. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე კითხვები ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსთან, გიორგი ქადაგიძესთანაც არსებობს.

კობახიძის შეფასებით, „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი საკითხია და მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია.

„ყველას გვაქვს კაბინეტში პრინტერი, შეგვიძლია ამობეჭდვა, მათ შორის იმ ადამიანსაც, ვისაც მოაქვს ასეთი ბრალდება. ეს არის არასერიოზული. ქადაგიძესთანაც არსებობს კითხვები. ის იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ პერიოდში. ამიტომ შეიძლება კითხვები დაისვას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სკანდალური წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი – ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიციის წინააღმდეგ. მეორე – ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე – ტელეკომპანია “არტარეა,” რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.

banner
წინა სტატიაში„ოცნება“ უარს ამბობს პარტიად ჩამოყალიბებაზე და კვლავ მერკანტილური ინტერესებით შეერთებულ ორგანიზაციად რჩება“
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი – შევძლებთ, ჰაერში აზბესტი და სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერება გავზომოთ