ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება – პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია და სიმბოლურიც, რომ ევროკომისიის მიერ შეფასების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„საუბარი გვქონდა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით მოლოდინებზე, თუმცა მეტი კონცენტრაცია იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მხრივ საქართველოს როლზე, ასევე, აბრეშუმის გზის მეშვეობით ევროპასა და აზიას დაკავშირებაზე. ყველას გვაქვს იმედი, რომ ხვალ იქნება პოზიტიური შეფასება. იმედია, საბოლოო ჯამში ის ფორმატები, რომელიც, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობით არის გათვალისწინებული, საბოლოო ჯამში, დაეხმარება საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ორ ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი. საქართველო არის მოლოდინში, ასევე არის სხვა ქვეყნები, რომლებსაც ჯერ განაცხადი არ აქვთ. ამიტომ, ეს ფორმატიც საინტერესოა, რომ, ერთი მხრივ, გამოცდილება მივიღოთ სხვებისგან, მეორე მხრივ, ჩვენ ვიყოთ ამ გამოცდილების გამზიარებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკიევთან ახლოს ზალუჟნის თანაშემწე დაიღუპა, მას ხელყუმბარა აუფეთქდა
შემდეგი სტატიათიბისის სერვისები ემიგრანტებისთვის