ყველას ესმის, რომ უკრაინას პრიორიტეტი აქვს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ საქართველო და მოლდოვა არ უნდა იყვნენ სერიოზული ყურადღების ქვეშ -ზურაბიშვილი

ისტორიული მომენტია, აშშ-ის პრეზიდენტმა მიმართა კონგრესს, რომ უკრაინის დასახმარებლად 33 მილიარდი დოლარი გამოიყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ყველა, ვისაც კონგრესში შეხვდა, „არის ძალიან გამხნევებული და ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, რადგან აშშ-მაც გადადგა ეს გადამწყვეტი ნაბიჯი“.

ამასთან, პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა „საქართველოს მხარდამჭერ აქტთან“ დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, აშშ-სთან ჩვენს პარტნიორობას კიდევ ერთხელ აძლიერებს და აღრმავებს.

„საქართველოს მიმართ გუშინ იქნა მიღებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც ჩვენს პარტნიორობას კიდევ ერთხელ ამხნევებს, აძლიერებს და აღრმავებს. მე ვთვლი, რომ ჩემი გზავნილი კონგრესმენებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ დროს, როდესაც ამერიკა მთლიანად დგას უკრაინის გვერდით, ასევე ჩვენც ვართ სრულიად სოლიდარული უკრაინასთან. ასევე ამ მომენტში საქართველოსა და მოლდოვის საკითხი მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ თავისი ყურადღება არ მოადუნოს საქართველოს მიმართ. რაც მოვისმინე, ყველა ჩართულია და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინას დღეს პრიორიტეტი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო და მოლდოვა არ უნდა იყვნენ ძალიან სერიოზული ყურადღების ქვეშ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს რუსეთი მთლიანად ჩართულია უკრაინის მიმართ აგრესიაში. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება პარტნიორების სრული ყურადღება და აღნიშნა, რომ „ჩვენ თვითონ არ უნდა დავიწყოთ რაღაც პანიკის დათესვა“.

„იყო ყველაფერზე საუბარი, სხვადასხვა სცენარებზე, მაგრამ მე არ გამოვიყენებდი სიტყვას „მოსალოდნელ საფრთხეს“. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო, რომ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ რაღაც პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი მთლიანად ჩართულია აგრესიაში უკრაინის მიმართ. ამავე დროს, რაღაც ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის ქმედებების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ თვითონ არ უნდა დავიწყოთ რაღაც პანიკის დათესვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ყველაფრისგან, რაც რაღაცნაირად ქმნის უხერხულობას, გაუგებრობას, დაძაბულობას თბილისსა და კიევს შორის, სარგებლობს მხოლოდ რუსეთი.

„ჩვენი დღევანდელი დაცულობა ის არის, რომ ვიყოთ ერთად, სოლიდარობა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვართ ერთ მხარეს, ის ქვეყნები ვართ, რომლებიც დღესდღეობით არ შედიან არც ნატო-ში და არც ევროკავშირში. გვმართებს, ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ სოლიდარული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი – მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.6 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიავაკაკუნებდით NATO-ს კარზე, მაგრამ ის არასოდეს გაიღო, უსაფრთხოების ვაკუუმმა რუსული აგრესია გამოიწვია – კულება