ყველას ახსოვდეს ქრისტეს სიტყვა მოსეს სჯულის მიხედვით ჩასაქოლად განწირული მეძავი ქალის წინააღმდეგ ამხედრებული ბრბოსადმი: ვინც უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა!

ქართული საზოგადოების სამწუხარო მოცემულობად იქცა ის, რომ დღეს საზოგადოების ნომერ პირველ პრობლემად მისდა სამარცხვინოდ იქცა (აქციეს) ჰომოსექსუალიზმი (მამათმავლობა, ლესბოსელობა). ეს ხდება იმ საზოგადოებაში, სადაც უამრავი მოხუცებული და ბავშვები შიმშილს ნაგვის ყუთებში იკმაყოფილებენ, დაავადებული ბავშვების მკურნალობის თანხებს გამწარებულ-გაუბედურებული მშობლები მთელს ერს ეხვეწებიან და კაპიკ-კაპიკ აგროვებენ თვეობით, სადაც რუსული მცოცავი ოკუაცია ყოველთვიურად ათობით ჰექტარ მიწას გვართმევს…

ახალი აღთქმის ტექსტში მხოლოდ წმ. მოციქული პავლე ეხება ორგან ჰომოსექსუალურ ცოდვას. თავად უფალი იესო ქრისტე და სახარება არასოდეს ახსენებს ამ ცოდვას, ის მხოლდ სიძვას/მრუშობას ახსენებს. ეს ცნებები ზუსტი მნიშვნელობით ჰეტეროსექსულურ აქტს გულისხმობს, თუმცა ფართო მნიშვნელობით მასში ნებისმიერი სექსუალური ცოდვა მოიაზრება ასევე. მხოლოდ ერთგან საუბრობს ქრისტე: რომ სოდომელები უკეთეს დღეში აღმოჩნდებიან მეორედ მოსვლის საშინელი განკითხვის ჟამს, ვიდრე ისრაელის ის ქალაქები (ანუ მაცხოვრებლები), ვინც ქრისტეს ხარება (სიტყვა) არ მიიღეს.

დღეს კი რა ხდება? ქართული მასმედია, სოცქსელი გადავსებულია ამ თემატიკით, როგორც იტყვიან, “ტვინია გაბურღული”, და ვინ უწყობს ხელს ამას? ქრისტიანობას და ტრადიციულ ღირებულებებს ამოფარებული ადამიანები, რომლებიც თავიანთი ანგაჟირებული გამოსვლებით და სიძულვილის რიტორიკით ხელს უწყობენ ლგბტ თემატიკის აქტუალიზაციას. ამდენად ხაზგასამელია, რომ ეს “ქრისტიანები” შორდებიან ქრისტიანულ სულს, რომელიც ამ ცოდვის მიმართ ზედმეტ აქცენტირებას ერიდებოდა, რადგანაც იგი სწორედ ადამიანთა გონების დაბინძურებას და ცოდვის პოპულარიზებას გაურბოდა.

ქრისტიანობას ამოფარებულ გავეშებულ ადამიანებს არ ესმით მარტივი ჭეშმარიტება: ქრისტე ქადაგებს ცოდვილის სიყვარულს და ცოდვის (როგორც ქმედების) უარყოფას. ეს ადამიანები კი სიძულვილით (რაც მკვლელობის და სხეულის დაზიანების საფრთხეებსაც შეიცავს) იმსჭვალებიან ჰომოსექსუალთა მიმართ, რაც სრული დაპირისპირებაა ქრისტეს სწავლებასთან. აქედან სჩანს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ წაკითხული, ან შინაარსი ვერ გამოიტანეს სახარებიდან, ასევე ისიც, რომ თანამედროვე ეკლესიამ ჯეროვნად ვერ ასწავლა მათ სახარება. ამ თემით ანგაჟირებულების მუდმივი ძახილი, რომ ჰომოსექსუალები თუ არ შეინანებენ, ჯოჯოხეთის კუპრში დაიწვებიან, (რაც ისედაც ყველასთვის ცნობილი ქრისტიანული სწავლებაა), კონტრპროდუქტიულია მისიონერული კუთხით, რადგან ჰომოსექსუალთა ნაწილი ათეისტია, ან აგნოსტიკოსი, ან საკუთარი განსხვავებული რელიგიური ხედვები აქვთ. მათ ჯოჯოხეთი კი არ უნდა ვუქადაგოთ და “დავაშინოთ”, ამისთვის არაა ეკლესიის ხარება (სიტყვა) მოწოდებული ქრისტეს მიერ, არამედ უნდა ვახაროთ და ვასწავლოთ თავად ქრისტე და მისი სასუფეველი. მაგრამ ლგბტ თემს რა უნდა ვასწავლოთ, როდესაც თავად ქრისტიანების დიდ ნაწილს ვერ უსწავლია ქრისტიანობა და პრიმიტიული შეხედულებებით აზროვნებს: თუ ძალადობას გმობ, ე.ი. ლგბტ-ებს იცავ და ან სულაც მათნაირი ხარ. ამის გამო მეც და სხვა მამებმაც, ვინც ამ დღეებში ხმა ავიმაღლეთ სახარებისათვის, ქრისტეს მცნების დაცვისათვის, ბევრი შეურაცხყოფა და ცილისწამება ვიწვნიეთ “ბოტების”, “ტროლების” და სხვა ტიპის განცოფებულებისგან. თუმცა, მე პირადად ეს მხოლოდ მაძლიერებს და მარწუნებს, რომ ბრბოს არ შევეპუო ქრისტეს სიმართლისათვის. მით უფრო იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი სიბრძნით და სიხარულით ისმენს ღვთის სიმართლეს ჩვენგან ხარებულს.

შესაბამისად, სახეზე გვაქვს საზოგადოების გახლეჩა: ერთის მხრივ გავეშებული ბრბო, ზნეობის სახელით გაანჩხლებული ადამიანები, მეორეს მხრივ ლგბტ ადამიანები, და ამ ყველაფრით მოსეირე რუსული ძალები, რომლებიც ამ დაპირისპირებით და ანარქიით ხეირობენ, რათა ქვეყნის ინტეგრაცია ნატოსთან და ევროპასთან შეაფერხონ, რუსული იმპერიული დიქტატი გაგრძელდეს საქართველოზე, და რაც ყველაზე გულსაკლავია, მიმდინარეობს ეკლესიის ტოტალური დისკრედიტაცია, როგორც დევნის წამქეზებელი ორგანიზაციის.

როდესაც ამბობენ: “აბა რა ვქნათ, ჩვენი შვილების გაპიდარასტებას ხელი ხომ უნდა შევუშალოთ?!”, ესაა მდაბიო აზროვნების ტიპური გამოხატულება: ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ შენი შვილი ჰომსექსუალი იქნება, ეს იმის გამო კი არ მოხდება, რომ ვინმემ უქადაგა, ან გადაიბირა, ან “პრაიდი” გაიმართა, არამედ იმიტიმ, რომ ასეთია მისი სექსუალური მიდრეკილება (გრძნობები). მაშ რაში მდგომარეობს გამოსავალი?! ყოველი ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი თავის ქმედებასა და არჩევანზე. შეუძლებელია ვინმეს (თუნდაც შვილს) ვაიძულოთ სექსუალური არჩევანი, თუ ორიენტაცია. ერთადერთი რაც შეგვიძლია, ესაა ვასწავლოთ მართლმადიდებლური რწმენა და სიკეთის კეთება, დანაჩენი კი მისი სრულწლოვანების შემდგომ, ესაა მისი პრივატული არჩევანი, რომლის კონტროლი მშობლისგან არის შეუძლებელი. მას ორი გზა აქვს: მალოს ჰომოსექსუალზმი და გარშემომყოფებმა თვალი დახუჭონ სირაქლემასავით, როგორც ეს ხშირად ხდება, ან გაცნობიერდეს, რომ ეს რეალობა არსებობს, მიუხედავად ჩვენი ნებასურვილის. რამდენად შეიკავებს ჰომოსექსულური მიდრეკილების მქონე ადამიანი თავის თავს ხორცილი ქმედებისაგან, ეს დამოკიდებულია მისი რწმენის ხარისხზე და მენტალიტეტზე. ამას კი ოჯახი უყალიბებს აღზრდისას. ესაა სამწუხარო რეალობა, რომელიც არ დაწყებულა ახლა, არამედ ფაქტობრივად კაცობრიობის არსებობის თანადროულია.

ეკლესიამ სიყვარული უნდა უჩვენოს განდგომილთ და ცოდვილთ, და არ შეუწყოს ხელი აგრესიას და სიძულვილს ადამიანთა შორის, რადგან ყველა ცოდვაზე აღმატებული არის მოყვასის სიძულვილი , რომელიც უპირისპირდება ღვთის უმთავრეს მცნებას სიყვარულს და რომელიც წარმოშობს თავის მხრივ სხვა მრავალ ბოროტებას (მკვლელობებს, სხეულის დაზიანებებს, ბილწსიტყვაობას, ჩაგვრას, მრისხანებას, ჩხუბს და ა.შ.).

დაე, ყველას ახსოვდეს ქრისტეს სიტყვა მოსეს სჯულის მიხედვით ჩასაქოლად განწირული მეძავი ქალის წინააღმდეგ ამხედრებული ბრბოსადმი: ვინც უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა!

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე: პრაიდიც და ანტიპრაიდიც გამიზნულია არეულობის შესაქმნელა
შემდეგი სტატიანატა ფერაძის შუა თითების ჩვენების ჟესტი (ვიდეო)