საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, არჩილ გორდულაძემ და ლევან მაჭავარიანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 26 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასკვნით სხდომაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადეს. დეპუტატების განცხადებით, ფაქტი უსიამოვნო იყო, თუმცა მომხდარი ოპოზიციის მხრიდან პირადი შეურაცხყოფებითა და პროვოკაციებით იყო განპირობებული.
ლევან მაჭავარიანის თქმით, რთულია ემოციების მოთმენა, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები შინაარსობრივი დისკუსიის ნაცვლად შეურაცხყოფაზე გადადიან:
„მინდა, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ბოდიში მოვუხადო, ეს ძალიან უსიამოვნო იყო, თუმცა პოლიტიკური პარტია, როდესაც მოწადინებულია მხოლოდ იმაზე, რომ შინაარსზე არ ილაპარაკოს და პირადი შეურაცხყოფები გაყენოს, ძალიან რთულია ამ ყველაფრის მოთმენა, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს“, — აღნიშნა მაჭავარიანმა.
მომხდარს გამოეხმაურა არჩილ გორდულაძეც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ქმედებები მმართველი გუნდისთვის დამახასიათებელი არ არის, თუმცა კონკრეტულ მომენტში თავის შეკავება ვერ შეძლო:
„არ არის სწორი ასეთი ქმედების ნახვა… ეს არ გვჩვევია ზოგადად, არც მე, ჩვენი გუნდის არცერთ წევრს. უბრალოდ, არსებობს რაღაც ზღვარი, სადამდეც შეგიძლია ადამიანმა ითმინო და არის ის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ხანდახან უბრალოდ თავის შეკავება ძალიან რთულია… მე გუშინ ეს ვერ მოვახერხე და კიდევ ერთხელ ბოდიში ამისთვის“, — განაცხადა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ერთმანეთს ფიზიკურად „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ (გახარიას გუნდი) წევრები დაუპირისპირდნენ.















