„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ბავშვთა დაცვის დღე, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს მიულოცა და მათ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
“დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა ყველას მივულოცო, განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალში მყოფ ბავშვებს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ეთნიკურად ქართველი ბავშვების მძიმე მდგომარეობა, რომლებიც არიან ოკუპაციის ქვეშ.
ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეზღუდებათ თავიანთი უფლებები, პირველ რიგში კი განათლების უფლება, რადგან ეკრძალებათ სწავლა მშობლიურ ენაზე, რაც ყოვლად მიუღებელია.
ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ იქ ბავშვები იმყოფებიან მუდმივი საფრთხის ქვეშ და ძალადობრივი გზით, ძალდატანებით ხდება იძულება, რათა ისწავლონ რუსულ და აფხაზურ ენებზე, შემდეგ ეტაპზე ხდება ასევე ძალდატანება, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, იმაზე, თუ როგორ ხდება 21-ე საუკუნეში ადამიანებზე ფსიქოლოგიური და სხვა სახის ძალადობა.
ამიტომ მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პირველ რიგში კი გაეროს, რომელმაც გააკეთა განცხადებები ამასთან დაკავშირებით, მიაქციონ ყურადღება ამ პრობლემას და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლების დუმილი არ იყოს ამ პრობლემაზე და უნდა შემუშავდეს სპეციალური გეგმა, რათა ამ ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდეს: არსებობს ჯანდაცვის სიტემა, განათლების სისტემა და უნდა გამოინახოს შესაძლებლობა, რომ პროგრამები მორგებული იყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების საჭიროებებზე – საუბარია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სისტემებზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მათი უფლებები მქსიმალურად იყოს დაცული”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.