„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი საგანგებო ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეებს გამოეხმაურა.
ფავლენიშვილის თქმით, ბრალდებები, რომლებსაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდა — ჯარის ძარცვა, ელიტური კორუფცია და ფარული მოსმენები — დღეს თავად „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დადასტურდა.
„14 წელია „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძური პროპაგანდის მთავარი სამიზნეა. დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი თავიანთ ბნელ ზრახვებზე საუბრობდნენ. ისინი საუბრობდნენ ჯარის ძარცვაზე — გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრს კილოობით თანხა ტომრებით დაჰქონდა მინისტრთა კაბინეტებში.
ისინი საუბრობდნენ ელიტურ კორუფციაზე და აღმოჩნდა, რომ სუს-ის უფროსი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები რუტინულად ატარებდნენ ტომრებით ფულს და ახლა ერთმანეთზე იძლევიან ჩვენებებს. ყველაფერი, რასაც ეს ხალხი ჩვენზე იძახდა, თავად დაუდასტურდათ და აღიარეს“, — განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ენმ-ის წევრის ეს განცხადება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას მოჰყვა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით წაუყენეს ბრალი. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის საიდუმლო შესყიდვებს, სადაც ხელოვნურად გაზრდილი ფასების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ზიანი მიადგა.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლეს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბიზნესმენისგან ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან ჯუანშერ ბურჭულაძემ 750 000 ლარი თავად დაიტოვა, ხოლო მეორე ნახევარი — 750 000 ლარი, რამდენიმე ეტაპად, ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.














