„ყველაფერი, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, უნდა იყოს გამოძახილი ჩვენი ისტორიის, ჩვენი პოლიტიკური კონტექსტის, ჩვენი ინტერესების“ – ანა დოლიძე

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ კონსტიტუცია ქართულ რეალობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ბერლინში სამუშაო ვიზიტად მყოფმა დოლიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ბერლინში მიმდინარე კონფერენციაზე, სამ ძირითად თემაზე ისაუბრებს:

„სამი ძირითადი თემა გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია კომისიამ და ექსპერტებმა მიიღონ მხედველობაში.

ის, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება ეროვნულ კონსენსუსს, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი მოთამაშეების – პარტიების, ორგანიზაციების, ჯგუფების ინტერესებს და ხედვას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს დაკავშირებული ქართულ რეალობასთან, ჩვენ არ შეგვიძლია მოვიტანოთ კუდი ერთი ცხოველისგან, თავი მეორე ცხოველისგან, ტანი მესამე ცხოველისგან და ვთქვათ, რომ რაღაც ორიგინალურს და ქართულს ვქმნით.

ყველაფერი, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, უნდა იყოს გამოძახილი ჩვენი ისტორიის, ჩვენი პოლიტიკური კონტექსტის, ჩვენი ინტერესების“,- განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებზე.

„რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ალბათ უფრო სამი საკითხი იქნება. ეს არის თავდაცვისუნარიანობა, სისტემა რომელსაც გვთავაზობენ უნდა აუმჯობესებდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ასევე იქნება საუბარი პრეზიდენტის არჩევნებზე და იქნება საუბარი პარლამენტის არჩევნებზე, ყველაზე პრინციპული თემა აქ, რა თქმა უნდა, არის ბონუსის სისტემის გაუქმება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ დასავლეთი გვრყვნის და მეზობელი რუსეთი არის წესიერებისა და ზნეობის სიმბოლო? – აკაკი ბობოხიძე
შემდეგი სტატია(video)შსს ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს