ყველაფერი ქართული იქ ძვირფასია–თამარ ბელქანია

ყველაფერი ქართული იქ ძვირფასია

ყველაფერი ქართული იქ ძვირფასია31 მაისს, თურქეთში მყოფმა ქართველობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა ორგანიზატორები თურქეთელი  ქართველები იყვნენ.
საზოგადოდ ცნობილია, რომ თანამედროვე თურქეთში 4 მილიონამდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის პოლიტიკა იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მცხოვრებმა სხვა ეთნოსებმა საკუთარი ენა შეისწავლონ და ამით შეინარჩუნონ იდენტობა. თურქეთის რამდენიმე სკოლაში უკვე გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი კურსები. დაიშვა ბაკალავრიატის დონის სწავლება კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლებში. ვითარება რადიკალურად შეცვლილია – მსგავსი სურათის წარმოდგენა ჯერ კიდევ 5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო.
ჟურნალისტი თამარ ბელქანია, იმ ჯგუთან ერთად იყო მიწვეული სტამბულში ვინც ეს ღონისძიება თურქეთში დაგეგმა.

– თამარ, რა იყო თქვენი მოგზაურობის მიზეზი?
– ჩვენ სტამბოლში „ქართული ხელოვნების სახლის„ მიწვევით ვიყავით და ჩვენი მიზანი 26 მაისის ღონისძიებაზე დასწრება, თურქეთელ  ქართველებთან შეხვედრა და საბოლოო ჯამში ფილმის, გადაცემის და იმ ინფორმაციის გავრცელება იყო, რაც თანამედროვე თურქეთში ქართულ საქმეს ემსახურება. გარდა ამისა, მართალია სულ 5 ადამიანი ვიყავით თბილისიდან და სულ რაღაც 4 დღით, მაგრამ ბევრი რამ მოვასწარით. წმ. ანდრია პირვველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ ქართული ხელოვნების სახლში წაიკითხა ლექცია „სტამბოლის ქართული სკოლა და სტამბა“ – ეს იყო ძალიან საინტერესო პრეზენტაცია და დიდი ინტერესი გამოიწვია თურქეთელ ქართველებში. ამ სახლის დამაარსებელია ბიზნესმენი გიორგი ირემაძე, ხოლო სახლის დირექტორი იბერია მელაშვილი. სახლი არის სტამბოლის ცენტრში ისტორიულ ქალკედონში და ქართველობის შეხვედრის ადგილია, სადაც კონფერენციები, სალონური კონცერტები, წიგნების პრეზენტაციები და მასტერკლასები იმართება. სწორედ ეს სახლი იყო 31 მაისის ღონისძიების ერთერთი ორგანიზატორი.

ყველაფერი ქართული იქ ძვირფასია
– საინტერესოა ამხელა სტამბოლში როგორ პოულობენ ერთმანეთს ქართველები და ახერხებენ შეხვედრებს, როგორ შეძლეს უზარმაზარ ოსმალეთის იმპერიაში ქართველობამ თავის გადარჩენა?
– რთულია, რა თქმა უნდა. მარტო სტამბოლში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ძალიან დინამიური ქალაქია, ყველას თავისი საქმე აქვს და მართლა ძნელია იქ იყოს იმის საჭიროება, რომ „ქართული“ ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ქართული იქ ძვირფასია, იბერია მელაშვილი ამის მაგალითია, ის ცდილობს თავი მოუყაროს ქართველობას, ასწავლოს ქართული, ქართული სიმღერები ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ცეკვა…
– სად სწავლობენ ისინი ქართულს?
– ქართულს სწავლობენ ოჯახში, მეტიც – ცდილობენ, რომ თავიანთი ცხოვრება ქართველს დაუკავშირონ, რომ იდენტობა შეინარჩუნონ, ასაკოვნებზე უკეთ შუახნის ხალხი საუბრობს ქართულად, ეს გარკვეულწილად ინტერნეტის და სოციალური ქსელების დამსახურებაცაა.
– ცნობილია, რომ მათ ქართული ისტორიული სახელებიც კი აქვთ შენარჩუნებული…
– რა თქმა უნდა. მათ აქვთ ქართული სახელი და გვარი, თუმცა აქვთ თურქული სახელი და გვარიც, რადგან ისინი არიან თურქეთის სახელმწიფოს მოქალაქეები, და ეს მათ კარგად აქვთ გააზრებული. უბრალოდ, ისტორიის პერიპეტიების გამო მოხდა ისე, რომ საუკუნეების წინ აღმოჩნდნენ ოსმალეთის იმპერიაში, ასე რომ შეიძლება იყო ქართველი და არ იმყოფებოდე „მამულში“ , იყო ქართველი მაგრამ რელიგიური მრწამსით იყო მუსლიმი. საბოლოო ჯამში კი ის, რაც ქართველთა მაკონსოლიდირებელია არის ენა! ამ ენას ძალიან უფრთხილდებიან და ცდილობენ, რომ არ დაკარგონ საკუთარი წარსული სწორედ ენიდან გამომდინარე.
– რა დონეზეა თურქეთში ქართული ენის სწავლება?
– უნდა ითქვას, რომ მეტია საჭირო. რამდენიმე სკოლაში თუ სამ უმაღლეს სასწავლებელშია გახსნილი კურსები თუ კლასები …საჭიროა ადაპტირებული სახელმძღვანელოები…

turqeti-saqartvelooo
– რას ნიშნავს ადაპტირებული სახელმძღვანელოები?
– ეს ნიშნავს, რომ ზოგადად ქართველობა იქ სადაც დიდი ოდენობით ცხოვრობს, ესაა რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი თუ თურქეთი. აუცილებელია სწორედ კონკრეტული ველისთვის შეიქმნას სასწავლო სახელმძღვანელო იმ თავისებურებების გათვლით, რასაც კონკრეტული გეოგრაფიული თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო ქმნის ახალი რეალობის სახით. მსგავსი სახელმძღვანელოების და აკადემიური სწავლების გარეშე ძალიან ძნელია დიდ ქვეყნებში ქართველმა ქართველობა შეინარჩუნოს იმის ფონზეც, რომ ინტერნეტი ხსნის ყოველგვარ საზღვრებს. გარდა ამისა, ადამიანური რესურსია საჭრო, რომლებიც ჩავლენ და ასწავლიან, ანუ ეს კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლების თუ კერძო პირების ინიციატივა და ნება კი არა, სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკა უნდა იყოს, მახსენდება გიორგი ირემაძესთან ინტერვიუ, როცა მან გაიხსენა, რომ თურმე 1990 წელს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით იყო ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში და იქ შემთხვევით 10 თურქული ოჯახი ნახა, როდესაც დაბრუნდა თურქეთში მიიღო გადაწყვეტილება სანტიაგოში თურქული ხელოვნების სახლი გაეხსნა, ასე, რომ ეს მისახედი საქმეა. თურქეთში 10 ოჯახი კი არა 4 მილიონი ქართველი ცხოვრობს. ისე მართალი გითხრათ, სტამბოლში მივხვდი, რომ საქართველოში სუსტია სახელმწიფოს როლი, რადგან იქ ყველამ იცის სახელწმიფო ენა თურქული, ყველგან ხედავ, რომ ეს სახელწიფო ენობრივი პოლიტიკა ძლიერია, აქ კი საქართველოში საზღვრისპირა რეგიონებში, მაგალითად, ჯავახეთში ვერ იქნა მიღწეული, რომ არაქართულმა მოსახლეობამ პატივი სცეს სახელმწიფოს და ქართულად ილაპარაკოს, ეს უნდა იყოს ნორმა! და ეს მხოლოდ ჯავახეთში არ ხდება. გარდა ამისა, იქ სულ მეჩეთებია და რელიგიის როლიც განუსაზღვრელია, რელიგია რელიგიაა, ენა ენაა! იქ ჩანს, რომ ყოველი გოჯი მიწა მოვლილი და რაციონალურად გადანაწილებულია, მიდის აღმშენებლობა, ყოველ ნაბიჯზე რაღაც უზარმაზარი შენდება ეს ხიდებია გზები, შენობები…ამის ფონზე კი დასანანია, რომ ჩვენ საკუთარ მიწასაც არ ვაფასებთ…
– თურქეთი, რომელიც ცნობილია პანთურქიზმის პოლიტიკით, ცდილობს საინფორმაციო აგრესიული ომი აწარმოოს. ამის ფონზე როგორ ფიქრობთ რაში უნდა აწყობდეს, რომ ქართველობამ ქართული შეისწავლოს…
– თანამედროვე თურქეთი, გეთანხმებით, საკმაოდ აგრესიულ კულტურულ პოლიტიკას აწარმოებს, ამის დასტურია არამარტო ნეოოსმალიზმის ღია პროპაგანდა საკუთარი ფილმებით, სერიალებით, საგანმანათლებლო პოლიტიკით. ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ის აღიარებს ფუნდამენტურ უფლებებს -ჭეშმარიტებებს გვერდს ვერ აუვლის, ის რომ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია თუ შესაძლებლობა ისწავლოს საკუთარი ან სხვა ნებისმიერი ენა…ამას გარდა მას ქვეყანაში სიმშვიდე სჭრდება და სიმშიდის გარანტიაა ის, რომ არ აკრძალო რისი აკრძალვაც ცუდ შედეგს გამოიღებს, ახლა ჯერი იმაზეა ამას ჩვენ რამდენად სწორად გამოვიყენებთ და საკუთარ ხალხს „დავიბრუნებთ“.
– მართალი გითხრათ ძნელად წარმომიდგენია შუაგულ თურქეთში სხვა სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს დროშები და ჰიმნი…
– კი მეც, სანამ საკუთარი თვალით არ ვიხილე, 31 მაიისს, ეს იყო კვირადღე და ამიტომ გადაწყვიტეს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნვა ამ დღეს, რომ სახვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულიყო ხალხი. ეს მესამედ ტარდება და თუ პირველ ჯერზე 500 მონაწილე იყო, წელს 3 ათასამდე ქართველი მოვიდა. მარტო, მეგობრებთან, ოჯახებთან ერთად, დროშებით, ეროვნული სამოსებით. ეს ადგილი საფანჯას ტყე-პარკია, საქარიას რაიონში, სტამბოლიდან 1500 კილომენტრის დაშორებით. 2 საათზე დაიწყო და 8 საათამდე გასტანა ღონისძიებამ,რეალურად ამ დღის მიხედვითაც შეიძლება ითქვას, თუ როგორია თურქეთელი ქართველების მშობლიური ენის ცოდნა.

ყველაფერი ქართული იქ ძვირფასია
– თამარ, თუ არის საქართველოდან მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები?
– რამდენადაც ვიცი, ანდრიას უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე და თურქეთელი ქართველები აქტიურად ჩამოდიან ამ უნივერსიტეტში. მეტიც, 26 მაისის დღესასწაულზე სიტყვით გამოსულმა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა დამსწრე საზოგაოდებას შესთავაზა, რომ უნივერსიტეტი მზადაა უფასოდ შეასწავლოს თურქეთელ ქართველებს უნივერსიტეტში ქართული ენა და ლიტერატურა.
– თამარ, ლაზებს თუ შეხვდით?
– რა თქმა უდა იყვნენ, ლაზებიც, აფხაზებიც. ლაზებთან მარტივია საუბარი, რადგან მათ მეგრულად მშვენივრად ვაგებინებდი ყველაფერს. მათი თხოვნით მეგრული სიმღერაც კი ვიმღერეთ.
– გავრცელდა ვიდეო ფეისბუქით.

ყველაფერი ქართული იქ ძვირფასია
– ფეისბუქის გარდა, ეგ ფრაგმენტი გადაცემაშიც ჩავსვით, ეს იყო ძალიან მოულოდნელი, რადგან ჩვენ ვიმღერეთ ქართულ სახლში სულ რაღაც 10 ადამიანის თანდასწრებით და არ ველოდით, რომ ამხელა ღონისძიებაზე კონცერტის პროგრამაში შეიტანდნენ, ჩვენ არ ვართ მომღერლები, მაგრამ გულით ვიმღერეთ. უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ქართული უყვართ და ენატრებათ…
– ფილმი რა ეტაპზეა, ვიცით რომ ფილმიც მზადდება ტელოკამპანია „ერთსულოვნებაზე“
– ფილმის ავტორი ჟურნალისტი თათია პაჭკორიაა, ოპერატორი ირაკლი ქავთარაძე, მონტაჟი – გიორგი ბართაია. ეს ფილმი კეთდება პროფესორ ეთნოლოგ როზეტა გუჯეჯიანზე და სულ მალე იხილავს საზოგადოება.
რომ შევაჯამოთ, ერთია გახსნილი გზა და შესაძლებლობა, მაგრამ მეორეა რომ ეს შანსი გამოიყენო და საკუთარი ქართველობა „ დაიბრუნო“ . როდესაც ათათურქის აეროპორტიდან აფრინდა თვითმფრინავი და ზევიდან დავინახე უზარმაზარი ქალაქი შიშიმა შემიპყო, რომ ამხელა მეზობელის ფონზე, არათუ იქ მცხოვრებმა ქართველებმა, საკუთარ მიწა წყალზეც კი როგორ შეგვიძია არ ვიფიქროთ ყოველწამს საკუთარ თვითგადარჩენაზე.
და ყოჩაღ თურქეთელ ქართველებს რომ ქართველობენ და ყველაფერ ქართულს უფრთხილდებიან. ეს სახელია, გვარი, წარმომავლობა თუ ფოლკლორი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კორძაიას თბილისის პროკურატურაში 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ
შემდეგი სტატიამოსკოვში ქართველი ქურდები დააკავეს