ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფასები დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ – დავითაშვილი

ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ფასები დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნოთ დასაქმება, სამუშაო ადგილები და მოსახლეობისთვის გაიზარდოს შემოსავლები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

ლევან დავითაშვილმა უპასუხა ფასების ზრდასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკური გუნდისთვის მთავარი პასუხისმგებლობაა მოსახლეობისთვის ნორმალური საარსებო გარემოს და ეკონომიკური პირობების შექმნა.

„შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკაც ზუსტად იმისკენ არის მიმართული, რომ გარკვეული მყისიერი დაცვის სოციალური მექანიზმები ავამოქმედოთ, რათა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა შევამსუბუქოთ იმ პირობებში, როდესაც გლობალურად პრობლემაა ფასების ზრდა და ინფლაცია, ასევე, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა წარვმართოთ იმგვარად, რომ მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და დასაქმება. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი ამოცანა. სწორედ ამიტომ თითოეული ინიციატივა,რომელიც შევძელი თქვენთვის მომეხსენებინა, ამას ემსახურება. რაც შეეხება ფასებს, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, გასაგები იყო,რომ მთელი ეკონომიკური გუნდი უნდა ყოფილიყო მობილიზებული იმისათვის, რომ დაგვეწია ინფლაცია, მათ შორის, ინფლაციაზე დიდწილად მოქმედებს ორი რამ, ეს არის საკვები პროდუქტები და საწვავი. საწვავთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივით, მოკვლევა გააკეთა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ჩვენ ვიმუშავეთ, რომ დეტალურად გაგვეანალიზებინა მიწოდების ყველა რგოლი, იმისთვის, რომ გვენახა სივრცე, როგორ შეიძლებოდა მოსახლეობისთვის საწვავზე ფასების შემცირება. დავინახეთ, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში ფასები რეკორდულად გაიზარდა. ორგანიზებულად ვიმუშავეთ ბიზნესთან, რომ დამატებითი დივერსიფიკაცია მოგვეხდინა მოწოდების წყაროების, რაც მოვახერხეთ და ეს იქნება შუა აზიის ქვეყნები თუ სხვა მოწოდების წყაროებიდან მოვახერხეთ ალტერნატიული საწვავის ქვეყანაში შემოსვლის ხელშეწყობა, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ფასების დაკლება დაიწყო. ვხედავთ, განსაკუთრებით არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბექა ოდიშარია: მეგობრობის ჯგუფები იქნებიან ეკონომიკური აქტივობების ერთგვარი ლიდერები, რომელიც ახლო მომავალში ჩაინიშნება საქართველო-თურქეთის ურთიერთობების დღის წესრიგში
შემდეგი სტატიატყვეობაში მყოფი „აზოვის“ ფოტოგრაფი ოჯახს დაუკავშირდა