“ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია”-ქართულ პოლიტიკაში მალე რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოჩნდება

ქართულ პოლიტიკაში მალე რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოჩნდება. უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ძველი მოთამაშეები გამოჩნდებიან ახალ პარტიაში. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ის პოლიტიკაში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავდა. აქტიურ პოლიტიკაში ცალი ფეხით არის დაბრუნებული,
„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერობის დროს, ოპოზიციის „კეთილებთან სექსუალური კონტაქტის დამყარების მსურველი“, ექსპრემიერობის ჟამს მათ სოლიდარობას უცხადებს. იგი გახარიას გადადგომას მოითხოვდა შს მინისტრის პოსტიდან 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ, ხოლო ამასწინათ გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა და მას პოლიტპატიმარი უწოდა. ეს განცხადება კვირიკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააკეთა. განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ყოფილი პრემიერის ფეისბუქის გვერდი აღარ იძებნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარგველაშვილი და კვირიკაშვილი მამუკა ხაზარაძის „ლელოში“ ამოყოფენ თავს. „ლელო“ „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების ერთგვარ თავშესაფრად არის ქცეული. აქ უკვე გაწევრიანებულია „ოცნების“ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
გიორგი კვირიკაშვილს ხაზარაძესთან არავის შუამდგომლობა არ დასჭირდება. ის ჯერ კიდევ პრემიერობის დროს ცდილობდა, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსულიყო. „ოცნების“ პრემიერს სურდა, რომ „ლელოს“ დამფუძნებლის სახით მას სერიოზული დასაყრდენი ჰყოლოდა. ხაზარაძესთან საერთო ენის გამონახვა არც მარგველაშვილს გაუჭირდება და დიდი ალბათობით უკვე გამონახული აქვს. „ლელოში“ უკვე გაწევრიანებულია ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე.
როგორც „თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, „ლელო“ ცდილობს, რომ ძალიან პროამერიკული იმიჯით წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე. ბევრი მეოცნებისგან განსხვავებით, მარგველაშვილს ამერიკა არასდროს უგინებია. გიორგი კვირიკაშვილი კი მკვეთრად „პროამერიკულობას“ აწვებოდა და მას ვაშინგტონთან კარგი კონტაქტებიც ჰქონდა. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის მეთაურობიდან მისი გადაყენება მოინდომა, კვირიკაშვილი დაემუქრა, რომ ის პომპეოს დაურეკავდა. რატომ აღარ დარეკა ექსპრემიერმა პომპეოსთან ცნობილი არაა.
„თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ ხაზარაძის გარემოცვა მოლაპარაკებებს აწარმოებს „ოცნების“ კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელსაც დასავლეთ ევროპასთან და ამერიკასთან სერიოზული კავშირები აქვს. საუბარია ირაკლი ალასანიაზე. „ლელოსთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერს“ უყვება, რომ ალასანია მათ პარტიაში შესვლის სანაცვლოდ პირობებს აყენებს. კერძოდ, ის უნდა იყოს „ლელოს“ პრემიერობის კანდიდატი.
ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი ძველი ფიგურა აპირებს დაბრუნებას, რომელიც სულ უფრო აქტიური და აქტუალური ხდება. ამ პერსონას დიდი ალბათობით „ქართულ ოცნებაში“ ვიხილავთ. საუბარია შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ ქარელზე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას „ოცნება“ გორის მაჟორიტარად წარდგენას უპირებს. საინტერესოა, რომ ქარელმა სერიოზულად შეიცვალა იმიჯი. ამასთან ერთად, იგი უარს ამბობს ჟურნალისტებთან საუბარზე და აცხადებს, რომ მხოლოდ პირდაპირ ეთერს დათანხმდება.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე ამერიკელ ბიზნესმენს მარკ გიზბურგს შეხვდა
შემდეგი სტატიაჩვენ გვაღალვებს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა