„ყველაფერჩიკო“ კრიტიკოსებო, ხვიჩა კვარაცხელიას თავი დაანებეთ და საკუთარ თავებს მიხედეთ!

„ყველაფერჩიკო“ კრიტიკოსებო, ხვიჩა კვარაცხელიას თავი დაანებეთ და საკუთარ თავებს მიხედეთ! ხომ გახსოვთ, ჯერ კიდევ როდის თქვა დიდმა ვაჟამ, ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო. ჰოდა, ეს სენტენცია 21-ე საუკუნეშიც აქტუალურია, რაც რამდენიმე დღის წინაც დადასტურდა, ანუ მავნთ, ყველასა და ყველაფერში მარტო ცუდს რომ ხედავენ და ეძებენ, „წიოკი“ ატეხეს, ეს ხვიჩა კვარაცხელია ვინ ყოფილაო. არადა, ახალგაზრდა წალენჯიხელ ფეხბურთელს არაფერი დაუშავებია.
უბრალოდ, როცა ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, ხვიჩამ თქვა, “ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის “დინამოში“ თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარიო.
ჰოდა, იმ ქართველბსაც, რომლებიც ყველასა და ყველაფერში მხოლოდ ცუდს და ნეგატიურს ხედავენ, მეტი რაღა უნდოდათ, ერთი ამბავი ატეხეს, ესაო, ისაო, კვარაცხელიას ნაკრებში თამაშის დროს დავუსტვენთო.
ნიშანდობლივია, რომ კვარაცხელიაზე იერიში პირველად სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარშვილმა მიიტანა, აი, იმ მაქარაშვილმა, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მინდია გულიას ასისტენტი თუ პრესსპიკრი იყო, ანუ ის, რაც მაქარაშვილს ეპატიება, არ ეპატიება სხვას. ჰოდა, ესეც მაქარაშვილების ორმაგი სტანდარტი!
ისე, ყველა „პრადვინუტს“ ავიწყდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: ხვიჩა კვარაცხელია პოლიტიკოსი კი არა, სპორტსმენია. შესაბამისად, არც ევალება და არც ვალდებულია, რომ პოლიტიკური განცხადებები საჯაროდ გააკეთოს.
ამასაც თავი რომ დავანებოთ, რატომ ჰგონია ზოგიერთ ყველაფრის კრიტიკოსს, რომ რადგან თვითონ ნებისმიერ საკითხზე ხმამაღლა წივის და კივის, სხვაც ასე უნდა მოიქცეს? ხმამაღლა ჩხავილი საქმის კეთება ჰგონიათ, საწყლებს…
აი, ნამდვილ საქმეს კი სწორედ ხვიჩა კვარაცხელია აკეთებს – ახალგაზრდა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ღირსებას კი არ იცავს, არამედ, საქართველოს სახელი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გააქვს.
ერთი სიტყვით, „ყველაფერჩიკო კრიტიკოსებო,“ გირჩევთ, საკუთარ თავს მიხედოთ და ხვიჩა კვარაცხელიას თავი დაანებოთ! კარგი იქნება, თუ იმაშიც გამოტყდებით, რომ რეალურად, ამ ბიჭის გშურთ და ენებიც ამიტომ წაგიგრძელებიათ. ამით ხვიჩას არაფერი აკლდება, აი, თქვენ კი, ისედაც პატარა კაცუნები კიდევ უფრო პატარავდებით!
ჰო, მართლა: კარგი იქნება, თუ ვაჟას სიტყვებს გაიხსენებთ, დიახ, სწორედ თქვენზე თქვა გენიოსმა, ცუდას რად უნდა მტერობა, კრგია მუდამ მტრიანიო!
ხვიჩა კვარაცხელია კარგია, აი, თქვენ ვინ ხართ, თქვენ?
banner
წინა სტატიაშიპოლიციის უფროსი აცხადებს, რომ კიევის რეგიონში დღემდე 1 346 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 300-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება
შემდეგი სტატიაფრაქცია „ქართული ოცნება“ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს