„ყველანაირი საშვი, მაშვი, შაშვი, პროპუსკი, აუსვაისი და ა.შ. გაუქმებულია“ – დავით ზურაბიშვილი საკრებულოში არსებულ სიტუაციაზე

საკრებულოს შენობასთან და შენობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას “ფეისბუქით” ავრცელებს საკრებულოს დეპუტატი, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი

“საკრებულოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთელი შენობა პოლიციის ალყაშია და პერიმეტრზე წრიული თავდაცვის ზღუდეებია აღმართული. შენობაშიც მგონი პოლიციელი უფრო მეტია ვიდრე სამოქალაქო პირი. ყველანაირი საშვი, მაშვი, შაშვი, პროპუსკი, აუსვაისი და ა.შ. გაუქმებულია და ვინც საკრებულოს წევრი ან თანამშრომელი არაა, არ უშვებენ შენობაში, მათ შორის არც პარლამენტის წევრებს, რომელთაც კანონი კი აძლევს ნებისმიერ წარმომადგენლობით ორგანოში თავისუფლად შესვლის უფლებას, მაგრამ რად გინდა?

და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ამ ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალური მოედნის ათასცხრაასი კვადრატული მეტრის ერთ ლარად გადაცემა ამავე ქვეყნის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანის საკუთრებაში ოცდაათადგილიანი მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, შედარებით უხმაუროდ მოხდეს.

კაფკას სიუჟეტში ვარ, “ბლექ მირორის” სცენარში თუ ფილიპ დიკის ელექტრონული სიზმარში, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი” წერს ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ საკრებულოს შენობასთან 16:00 საათზე აქციას გამართავს
შემდეგი სტატია„არ ვაპირებთ მშვიდად დავუთმოთ ივანიშვილს თბილისელების ქონება ერთ ლარად“ – ირაკლი ნადირაძე