პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დღეს გაკეთებულ განცხადებაზე.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ჯგუფს მიმართავს -„როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი და ენმ-ის გამარჯვებით მარცხდება ოლიგარქი, ტყვეობიდან თავისუფლდება სააკაშვილი“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პარტიაში არსებული პრობლემების და განხეთქილების გარეთ გამოტანა მოუწია.
„რეალურად, ეს არის შიდაპარტიული პრობლემების და განხეთქილების გარეთ გამოტანა. მოუწია ამის გაკეთება ფორმალურ თავმჯდომარეს. ყველამ ვიცით, რომ არსებობს რეალური ლიდერი, რეალური ბელადი ამ პარტიაში და არსებობს ფორმალური თავმჯდომარე. მათ შორის, ბუნებრივია, არის ასეთი დაპირისპირება და სინამდვილეში, ამის გარეთ გამომზეურება მოხდა დღეს“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „როგორ შეაფასებდით ნიკა მელიას იმ განცხადებას, სადაც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთასი ათასი ამომრჩეველი გარდაიცვალა და ასე ახსნა არჩევნებში წარუმატებლობა“. კობახიძის თქმით, ამ კითხვაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.
„ცოტა სასაცილოა, არც ვიცი, სერიოზული კომენტარი როგორ გავაკეთო ამაზე. რა თქმა უნდა, ეს ცვლილება ხდება ყოველწლიურად, ჩეულებრივი ამბავია. ხდება გარდაცვალება და დაბადება და ბუნებრივია, ახალი ამომრჩევლები ემატებიან ელექტორატს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და პროპორციებიც არის ხოლმე დაცული. ამ კუთხით სიკვდილი არ არჩევს ერთმანეთისგან „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების მხარდამჭერებს. რა თქმა უნდა, აქ სურათი პროპორციულია და ამაზე მხოლოდ ღიმილით შეიძლება საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.