ყველამ უნდა მოვინდომოთ, როგორც ჩვენი წინაპრების თავგანწირვის, ასევე ჩვენი შვილების მომავლის და პერსპექტივის გამო, რომ ევროპული შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ – ელისაშვილი

ლავროვის, პუტინის, რუსეთის ტელევიზიებზე პროპაგანდისტი შხამიანი ქალები და კაცები რომ არიან, მათ გარდა არ ვიცი, ვის არ უნდა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მიღებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგას კაცობრიობის ისტორიაში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ყველა ვალდებულია ევროპული პერსპექტივა საქართველომ ხელიდან არ გაუშვას.

„რომ ვფიქრობ, რამდენი მილიონი ქართველი, ჩვენი წინაპარი შეეწირა ფიქრს და ოცნებას, რომ საქართველო ოდესმე გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ყოფილიყო არა რომელიმე დიდი სახელმწიფოს გუბერნია, არამედ სუვერენული, ქართული სახელმწიფო გამხდარიყო ევროპის წევრი. მახსენდება მუხრან მაჭავარიანის ლექსი იმის შესახებ, თუ როგორ ჩავიდა სულხან-საბა ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან, როგორ ალოდინეს, მეთხუთმეტე კაცად მიიღეს და ხელმოცარული წამოვიდა იქიდან. როგორი შორი იყო მაშინ ევროპა, აბსოლუტურად უიმედო მისიით გაუშვა ვახტანგ მეექვსემ სულხან საბა ევროპაში და ახლა ამ ლექსზე გაზრდილი ხალხი ვხედავთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ამ ოცნების ასრულებასთან. აქ ყველას გვმართებს, რომ ჩვენს პარტიულ, პირადულ ჭუჭრუტანებს მოვეშვათ. აქ მოვისმინე, ჭკვიან კაცად რომ მოაქვს თავი, თქვა, რომ არაფრით არ შეიძლება სტატუსი მიიღოს საქართველომ, ხელისუფლებას გააძლიერებსო, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი რამ არ მომისმენია. „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, ყველამ უნდა მოვინდომოთ, ვალდებულები ვართ, როგორც ჩვენი წინაპრების თავგანწირვის გამო, ასევე ჩვენი შვილების მომავლის და პერსპექტივის გამო, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ. პირველ რიგში აქ უზარმაზარი პასუხისმგებლობაა „ქართულ ოცნების“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, არ არის მოსაწონი ის ტონი, რომლითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკრაინელ და ევროპელ პოლიტიკოსებზე საუბრობენ.

„ჩემთვის უბრალოდ გამაოგნებელი არის უკრაინასთან, ევროპარლამენტარებთან და ევროპელ პოლიტიკოსებთან მიმართებაში აგდებული ლაპარაკი რომ მოდაში შემოვიდა, ეს რას ემსახურება ვერ ვხდები, თუ არა იმას, რომ დავშორდეთ ევროპას და ვერ მივიღოთ ეს სტატუსი. ძალიან მონდომებულები ვიყავით ყოველთვის, მაგრამ ძალიან შორს იყო რეალურად კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მაგრამ რამ შექმნა ეს ახალი რეალობაა, რამ დააჩქარა ჩვენი უკრაინის და მოლდოვის სწრაფვა – უკრაინელი ხალხის თავგანწირვამ. მინდა ამ ტრიბუნიდანაც მათ მიმართ აღტაცება და მადლიერება გამოვთქვა, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი მზარეულით დამთავრებული. ასევე, ამ ტრიბუნიდან მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ ბიჭებს და გოგოებს, რომლებიც საქართველოს მომავლისთვის იბრძვიან და თავს სწირავენ. ამ ფონზე, როდესაც მადლიერები უნდა ვიყოთ უკრაინელების თავგანწირვით, ვისმენთ „ქართული ოცნებისგან“ უკრაინის ხელისუფლების ლანძღვას. კიდევ კარგი ამ ბოლო დროს აღარ მესმის ეს აგდებული ლაპარაკი, თუნდაც ზელენსკიზე, რომელმაც თავი გადადო თავისი ქვეყნისთვის, შეეძლო გაცლოდა და არხეინად ეცხოვრა, თავი გადადო, დარჩა იქ, სადაც არ იცოდა რომ არ დაატყვევებდნენ, არ მოკლავდნენ. ჩემთვისაც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის ბრალდება, თითქოს აქ ჩვენ რაღაცაში ვეხმარებით რუსებს, ამას მტკიცებულება რომ მოჰყოლოდა, კიდევ ხო, მაგრამ გაგებით მართლა უნდა მოვეკიდოთ, როგორც ივანიშვილი იტყოდა, ის ხალხი არის ბრძოლაში ჩართული, ბავშვები ეღუპებათ. თუნდაც შეეშალოთ ჩვენთან მიმართებაში, ის პასუხები პასუხები იყო, რაც ქართული ოცნებისგან ისმოდა?! მე მრცხვენია, რომ შერცხვენილები ვართ უკრაინელებთან. ისინი მეტ მხარდაჭერას მოელოდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

​ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველო უკრაინას ტექნიკით ვერ ეხმარება, მათ მიმართ კრიტიკული განცხადებები მაინც არ უნდა გააკეთოს.

დიახ, გუშინ უშნოდ გამომივიდა და სოზარმა კიდევ უფრო მეტად დააუშნოვა შეგნებულად ჩემი ნათქვამი ტექნიკასთან და ჯართთან დაკავშირებით და ახლა დავაზუსტებ. დიახ, მე მიმაჩნია, რომ მაკაროვის იარაღიდან დაწყებული, S-300-ებით დამთავრებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ყველა საბჭოთა შეიარაღება არის ჯართი და ეს ბრძოლა ამას ადასტურებს, მაგრამ ეს ჯართი უნდათ, ამ ჯართს იხვეწებიან უკრაინელები, რადგან უკრაინელმა არტილერისტებმაც, ტანკისტებმაც, მფრინავებმაც, მეზენიტეებმაც ეს სისტემა იციან და ამიტომ აწვდიან, გადამზადება არ სჭირდებათ. ჩვენ გვაქვს ისეთი საბჭოთა ჯართი ტექნიკა, რომელიც არაფერში არ გვჭირდება, ვერასდროს გამოვიყენებთ ვერცერთ ბრძოლაში, თუ გამანადგურებელი არ გყავს. მიმაჩნია, რომ ასეთი შეიარაღება გადავცეთ და ხეირიც ვნახოთ. ერთი, რომ ჩვენს მეგობრებს ბრძოლაში დავეხმარებით და ხეირს ვნახავთ, სანაცვლოდ მოგვცემენ, უკეთესს. კარგი, არ გვინდა ბრძოლაში ჩართვა და მეც ნუ გამომიყვანთ, რომ ერთი სულ მქონდეს, საქართველო დაბომბილი დავინახო, მაგრამ სიფრთხილეცაა და სიფრთხილეც. ჩაფხუტი რომ მივცეთ ჩვენი ნაწარმოები, ან ჯავშანჟილეტი, ან სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა, რომელიც არის სასწრაფო დახმარების მანქანა, ოღონდ დაჯავშნილი, რომელსაც არც ტყვიამფრქვევი უყენია, არც ქვემეხი, არც ნაღმტყორცნი, არაფერი ლეტალური არ არის. ეს ხომ მაინც შეგვიძლია გავუგზავნოთ. რუსების ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით, არ გვაქვს უფლება რომ საერთოდ ვარსებობდეთ?! ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ ეს ხალხი არ გავლანძღოთ. ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან, გთხოვთ, მოგიწოდებთ, მოვითხოვ, როგორც მოქალაქე, მოეშვით ევროპელი პოლიტიკოსების ასე აგდებულად მოხსენიებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკასთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ხელისუფლებამ განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა – ლილუაშვილი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი რომ არა, დღეს არათუ პარლამენტში, შესაძლოა ამ ქვეყანაშიც არ გქონოდა დასადგომი – ნიკოლეიშვილი უსუფაშვილს